ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კოსტავას ქუჩაზე შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრს ესტუმრა, სადაც პირადად შეხვდა სამსახურის თანამშრომლებს და გაეცნო მათ სამუშაო პირობებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ გადამხდელებთან, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ თითოეული მოქალაქის პრობლემებს, გაუწიონ კვალიფიციური მომსახურება, დაეხმარონ მათი უფლებებისა და მოვალეობების უკეთ გარკვევაში.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან გადაცდომების, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებში, სამინისტროს მხრიდან იქნება მკაცრი რეაგირება.
ნოდარ ხადურმა გუშინ ასეთივე მითითებები სპეციალურ თათბირზე მისცა ყველა სამსახურის ხელმძღვანელს - ფინანსთა სამინისტროს სამსახურების თანამშრომლებმა იმოქმედონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში და არ დაუშვან მეწარმეთა უფლებების დარღვევის ფაქტები.