"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო ბიძინა ივანიშვილისთვის თვითმფრინავის შეძენას გეგმავს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
"ჩვენთვის სამწუხარო და სამარცხვინოა: ირაკლი ალასანიას პირდაპირი მოვალეობაა, იზრუნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე, ამის ნაცვლად ის არის აყოლილი პირად წყენებს და დგამს სხვადასხვა ნაბიჯს. დადასტურებული ცნობები გვაქვს, რომ ალასანია 16-21 დეკემბერს აგზავნის ახალი თვითმფრინავის შესაძენად კონკრეტულ ადამიანს, მისი სახელი და გვარია ედვარდ გოგიაშვილი. ის სწორედ ჩემ მიერ დასახელებულ რიცხვებში მიემგზავრება საფრანგეთში, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები და ახალი თვითმფრინავი შეისყიდოს", - განაცხადა ნადირაშვილმა.