რუსეთის დუმის დეპუტატები ინიციატივით გამოდიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფართოვოს პერსონა ნონ-გრატათა სია ახლო საზღვარგარეთიდან. ეს წინადადება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტში წამოაყენეს. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია" წერს. იდეა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გამოჩნდა გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციებს, შესაძლოა, ქართველი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე აფინანსებდა.
რა ფორმით შედგება „შავი სია" და მასში ვინ იქნებიან წარმოდგენილნი, ამ დროისათვის უცნობია. „მე ვთვლი, რომ თარგამაძეს და სხვა პირებს, რომლებიც მხილებულნი არიან რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებში, არ უნდა ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება", - აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიაჩესლავ ნიკონოვი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი გამოძიებით შეგროვებულია მასალების მიხედვით, ქართველი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის სერგეი უდალცოვის, მისი თანაშემწის ლეონიდ რაზვოჟაევის და ასევე დეპუტატ კონსტანტინე ლებედევის თანაშემწის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს აფინანსებდა, რომლებიც, რუსების მტკიცებით, ფედერაციაში მასობრივი არეულობების ორგანიზებას ეხებოდა.