რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაპირებისამებრ, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია მოამზადა. დოკუმენტის ავტორებს, რომლის პროექტი "კომერსანტმა" გამოაქვეყნა, მსოფლიო სულ უფრო და უფრო "არასტაბილურად" ეჩვენებათ და რუსეთს მასში გამოყოფილი აქვს "საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული უნიკალური, მასტაბილიზებელი ფაქტორის როლი".
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ ცალკეული "უსაფრთხოების ოაზისების მშენებლობის" უპერსპექტოვობას, გაზეთმა "კომერსანტმა" ამ დოკუმენტის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ დოკუმენტის ავტორებს ტურბულენტურ სამყაროში რუსეთი სწორედ ასეთ "სტაბილურობის კუნძულად" წარმოუდგენიათ.
კონცეფციის პროექტში დასხელებულია არასტაბილურობის ხუთი ფაქტორი: გლობალური კრიზისი; დასავლეთის ჩარევა სხვა ქვეყნების საქმეებში; გაეროს როლის შერყევა; ტრანსსასაზღვრო გამოწვევებისა და საფრთხეების გაძლიერება, რომლის პირველ პუნქტად დასახელებულია "საინფორმაციო სივრცეში არსებული საფრთხეები"; საერთაშორისო ურთიერთობათა რეიდეოლოგიზაციის ტენდენცია;
როგორც გამოცემა წერს, რუსეთის შიდაპოლიტიკური მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი "რბილი ძალა" გახდება, რომელიც პუტინმა პირველად ახსენა თავის მეშვიდე წინასაარჩევნო პროგრამულ სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ მასში მომავალმა პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა ამ ფორმულირების ნეგატიური აზრის მხარეზე. კერძოდ, "არაბულ გაზაფხულზე" მსჯელობისას, იგი ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების თემას შეეხო, უპირველეს ყოვლისა სოციალურ ქსელებში მოწინავე საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას როგორც შიდა ისე საერთაშორისო პოლიტიკაში. მაშინ განაცხადა, რომ მსგავსი "რბილი ძალის" გამოყენებით, მიიღწევა სხვა და სხვა პოლიტიკური მიზნები იარაღის გამოყენების გარეშე.
თუმცა - წერს "კომერსანტი" - კონცეფციაში არის პირველი "სამამულო განმარტება" ამ ტერმინისა. "რბილი ძალა" - ეს არის "კომპლექსური ინსტრუმენტარი საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად რომელიც სამოქალაქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებზე - საინფორმაციო-კომუნიკაციურ, ჰუმანიტარულ და სხვა კლასიკური დიპლომატიის ალტერნატიულ მეთოდებზეა დამყარებული".
პრიორიტეტთა შორის, რუსეთისათვის ყველაზე მთავარი არის ინტეგრაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში - წერს გაზეთი. მეორე ადგილი - ევროკავშირს უჭირავს, თან უმნიშვნელოვანეს პარტნიორებად დასახელებულია ქვეყნები, რომლებთანაც რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს გაზის სფეროში. განსაკუთრებულად გამოყოფილია ამოცანა - უვიზო რეჟიმის მიღწევის შესახებ და მხოლოდ ახალი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის მესამე ადგილზე დგას ურთიერთობები აშშ-სთან.