ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, თურქეთს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის" ორ ბატარეას გაუგზავნის. ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი" წერს. ბატარეები ნატოს განკარგულების ქვეშ იქნება. კოპლექსის მომსახურებისთვის თურქეთში 400 ამერიკელი სამხედრო იგზავნება. განკარგულებას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ ხელი უკვე მოაწერა.
როგორც ცნობილია, თურქეთმა ნატოს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის" განთავსება თურქეთ-სირიის 900 კილომეტრიან სასაზღვრო მონაკვეთზე სთხოვა. თურქეთის ხელისუფლება შიშობს, რომ შესაძლოა, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, თურქეთის ტერიტორიას საფრთხე დაემუქროს. გასულ კვირას, საზღვრის გასწვრივ, სირიის სამთავრობო ჯარებსა და ამბოხებულებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, რის დროსაც, ჭურვები თურქეთის სასაზღვრო ზოლშიც აფეთქდა.
თურქეთ-სირიის საზღვარზე, მთლიანობაში, ექვსი საზენიტო-სარაკეტო ბატარეა განთავსდება. ამათგან ორი აშშ-ს, ორი გერმანიას და ორიც ჰოლანდიას ეკუთვნის. ექვსივე ბატარეა 2013 წლის იანვრის ბოლოდან ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები