ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, ჟურნალ „ტაიმის" ტრადიციული ონლაინხმის მიცემის შედეგად, „წლის ადამიანი" გახდა. ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა 5,6 მილიონი ხმა მიიღო, რაც ძალიან კარგი შედეგია იმ პოლიტიკოსისათვის, რომელსაც 2010 წლიდან დღემდე საჯარო გამოსვლა არ ჰქონია - აღნიშნავს ჟურნალი.
მეორე ადგილზე ამერიკელი სატირიკოსი და ტელეწამყვანი, ჯონ სტაიუარტი გავიდა (2,4 მილიონი ხმა), ხოლო რუსულმა ჯგუფმა Pussy Riot-მა, 56,9 ათასი ხმით 21-ე ადგილი დაიკავა.
მკითხველების არჩევანის კომენტირებისას, ჟურნალის რედაქტორები წერენ, რომ კიმ ჩენ ინს ძალიან კარგი წელი ჰქონდა: მან გაიმყარა საკუთარი ხელისუფლება, გამოჩნდა „ტაიმის" გარეკანზე და წლის სექს-სიმბოლოც კი გახდა (მართალია ეს უკანასკნელი მედიის ხუმრობა იყო, მაგრამ ბევრმა ის სერიოზულად მიიღო).
გასულ წელს, ჟურნალმა „ტაიმმა" „წლის ადამიანად" თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოგანი დაასახელა.