ყაზახეთმა "ბაიკანურის" კომპლექსზე, რომელშიც ამავე სახელწოდების კოსმოდრომი და ქალაქი შედის, ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის სპეციალური წარმომადგენლობა განათავსა. სამხედროთა ვალდებულებაში შედის სატრანსპორტო საშუალებებისთვის თვალყურის დევნება და მათი თანხლება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია კოსმოდრომზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტამდე ზემოთ ხსენებულ ფუნქციებს მებაჟეები ასრულებდნენ, თუმცა ახლა, როდესაც ეს სტრუქტურები ბაიკანურზე ლიკვიდირებულნი არიან, მათი შერულება სასაზღვრო ძალებს დაავალეს.
შეგახსენებთ: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ქალაქ ბაიკანურის რუსეთის იჯარიდან გამოყვანას ცდილობს, მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ექსპერტების აზრით, ეს თუ მოხდა, რუსეთის მოქალაქეები ქალაქიდან წავლენ და ობიექტებზე მუშაობას ვერავინ შეძლებს. ამჟამად უკვე ცნობილია, რომ ყაზახეთი და რუსეთი ქალაქ ბაიკანურის ყაზახეთის იურისდიქციის ქვეშ გადაცემას განიხილავენ. ქალაქთან ერთად იჯარიდან უნდა გამოვიდნენ კომპლექს "ზენიტის" გასაშვები მოედნები, საბოლოო ჯამში კი მთელი კომპლექსი.
"ახლა მიდის მსჯელობა საკითხზე რომელიც ქალაქ ბაიკანურის იჯარიდან გამოსვლასა და მის ყაზახეთის იურისდიქციის ქვეშ გადაცემას ეხება", _ განაცხადა კაზკოსმოსის ხელმძღვანელმა ტალგატ მუსაბაევმა ყაზახეთის ქვედა პალატაში "სამთავრობო საათზე" სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ამჟამად საკითხი დამუშავების სტადიაში იმყოფება.
"შეთანხმება "ბაიკანურის" იჯარით აღების შესახებ 1994 წელს გაფორმდა და მან თავისი საქმე უკვე გააკეთა. სახელმწიფოს მეთაურმა ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ წინაშე დააყენა ამოცანა ახალი ყოვლისმომცველი შეთანხმების შემუშავების შესახებ, რომელიც კომპლექს "ბაიკანურს" ეხება. ეს შეთანხმება საიჯარო ურთიერთობებიდან გამოსვლას ითვალისწინებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ერთი ხელის მოსმით იჯარას შევწყვეტთ. ეს უბედურება იქნებოდა, მაგრამ ნაწილ-ნაწილ და ეტაპობრივად ამის გაკეთება შესაძლებელია", _ აცხადებს კაზკოსმოსის ხელმძღვანელი.