სპეციალისტებმა თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის ნარჩენებში საწამლავი აღმოაჩინა. თუმცა გახდა თუ არა ეს საწამლავი 1993 წელს გარდაცვლილი თურქეთის პრეზიდენტის ტურგუტ ოზალას სიკვდილის მიზეზი - ვერ დაადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტელეკომპანია NTV იუწყება, რომ სტამბულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიერ გაკეთებული ეს დასკვნა ზემდგომ ინსტანციაშია გადაგზავნილი, რომელმაც, თავის მხრივ, დღეს ოფიციალური განცხადება უნდა გააკეთოს.
ოზალას აკლდამა, რომელიც სტამბულში მდებარე მავზოლეუმში მდებარეობდა, ანკარის პროკურატურის განკარგულებით ოქტომბერში გახსნეს. ანკარის პროკურატურა პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზებს ხელახლა იძიებდა.
ექსჰუმაციის შემდეგ პრეზიდენტის ნარჩენები იქვე, ისეთივე სახელმწიფოებრივი პატივისცემით დაიკრძალა. თურქული მედია ნოემბრის დასაწყისში უკვე წერდა, რომ პრეზიდენტი ნივთიერება სტრიხნინით მოწამლეს, თუმცა ოფიციალური პირები ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის ექს-პრეზიდენტის ვაჟი ახმედ ოზალი გამუდმებით აცხადებდა, რომ მისი მამა მოწამლეს.