ENG / RUS       12+

კონსტანტინე ზატულინი: საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ორსახოვნება ნარჩუნდება... რას ვენდოთ?!

რესპოდენტის შესახებ

საქართველოში ჯერჯერობით ბევრი არაფერი შეცვლილა. რუსეთისათვის ასე მიუღებელი მიხეილ სააკაშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტია, რუსეთი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება. მოსკოვი მტკივნეულად აღიქვამს საბჭოთა კავშირის დაშლას, თუმცა ეგუება ამას და ასევე უნდა შეეგუოს საქართველოც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას - ისინი ხომ საბჭოთა საქართველოს დროს იყვნენ მის შემადგენლობაში. ეს განცხადებები სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორმა და დუმის დსთ-ს საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრმა კონსტანტინე ზატულინმა გააკეთა.

- რუსეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ არ დაელაპარაკებოდა სააკაშვილის მთავრობას. ახლა ვითარება შეიცვალა, სხვა მთავრობა გვყავს, რომელმაც არაერთგზის მოახდინა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების სურვილის დეკლარირება, დანიშნა სპეციალური წარმომადგენელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, მაგრამ მოსკოვი მაინც დუმს. რატომ?

- სინამდვილეში, მოსკოვი არ დუმს. საკმარისად იყო გაკეთებული განცხადებები რუსეთის ფედერაციის სხვა და სხვა ოფიციალური პირებისგან, რომლებიც აკეთებენ კომენტარს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ახალი მთავრობის სურვილზე, რაიმე ფორმით აღადგინონ გამწვავებამდე არსებული ურთიერთობები.
თქვენ თქვით, რომ თითქოს საქართველოში ყველაფერი შეიცვალა - ეს არასწორია. მეტიც, რუსეთის ფედერაციის პოზიციაც არასწორად განსაზღვრეთ, როდესაც განაცხადეთ, რომ ჩვენ არ გვინდოდა საქმის დაჭერა მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან. ჩვენ არ გვინდოდა საქმე გვქონოდა მიხეილ სააკაშვილთან და არც ახლა გვინდა! ხოლო მიხეილ სააკაშვილი კვლავინდებურად საქართველოს პრეზიდენტად რჩება.

ასე რომ, თქვა ის, რომ საქართველოში ყველაფერი შეიცვალა - ცოტა ნაჩქარევია. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიცვალა მთავრობა - ეს ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტს, რამდენადაც მე ვიცი, ის რჩება თავის თანამდებობაზე და მეტიც - ის იბრძვის...

მიდის ბრძოლა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ მთავრობის წარმომადგენლებსა და მათ შორის ვინც მხარს უჭერდა და უჭერს კიდეც მიხეილ სააკაშვილის მთავრობას. საბოლოო ჯამში კი ამ ბრძოლის შედეგზე იქნება დამოკიდებული საქართველოს სახელმწიფოს მომავალი კურსი. როდესაც მთავრობა აკეთებს რაღაც განცხადებებს, იმავე დროს სულ სხვა იმპულსები მოდის საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვიდან - ეს პირველი გარემოებაა.
მეორე გარემოება - რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო არის ის, რომ ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით ახალი მთავრობის მიერ გამოხატულ სურვილს - გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ დაინიშნა წარმომადგენელი - ზურაბ აბაშიძე, სულ ახლახანს, საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაკეთა განცხადება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ და ევროპაში საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ რუსეთი კვლავინდებურად აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არავითარი ნორმალიზება არ მოხდება. ეს არის საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ადამიანისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდშია.

ჩვენ გვესმის, რომ ეს ძნელი საკითხია ახლანდელი საქართველოსათვის, მაგრამ ასეთი ტიპის განცხადებები რა თქმა უნდა არ მოწმობს იმას, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ისაუბრო ურთიერთობების სტაბილიზაციაზე.

- თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ და ყურადღება გაამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ საქართველოში შეიცვალა მთავრობა და არა პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ პრეზიდენტად კენჭს ვერ იყრის. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოსკოვი იქნება უფრო აქტიური საქართველოსთან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

- რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება ახალი ვითარება თუ ამ არჩევნებზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ან ბატონი ივანიშვილი გაიმარჯვებენ. მე არ ვიცი ვინ იქნება კანდიდატი. ნებისმიერ შემთხვევაში - თუ გაიმარჯვებენ ისინი, ვინც მხარს უჭერენ რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე - ეს სრულიად ახალ ატმოსფეროს შექმნის. რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან შესაძლებელია ამ მდგომარეობით სარგებლობა იმისათვის, რომ დაალაგოს საქართველოსთან ურთიერთობა. მართალია ჩვენს შორის დარჩება უთანხმოებებიც და განსახვავებული შეფასებებიც, რომლებმაც, ჩემი აზრით, არ უნდა შეუშალონ ხელი ისეთ რაღაცეებს, როგორიც არის დიპლომატიურ ურთიერთობები და ჩვენს მოქალაქეებს შორის კონტაქტების გაღრმავება.

- წინასწარი პირობების გარეშე მოლაპარაკებებზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ახსენეთ. არის თუ არა რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის, მხოლოდ, კავკასიაში შექმნილი ახალი რეალობების გათვალისწინებით, ასეთივე წინაპირობა, რომელიც ასევე არ უწყობს ხელს დიალოგის დაწყებას?

- ეს განცხადებაც იქიდან გამომდინარეობს რაც მე უკვე ვთქვი.

- მაგრამ არის თუ არა ერს განცხადება წინაპირობა?

- ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ საქართველო ოდესმე მაინც მივიდეს იმ აზრამდე, რომ შეუძლებელია უბრალოდ მოსთხოვო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თავისი ახლანდელი დამოუკიდებლობა, რომელიც ფაქტიურად უკვე დიდი ხანია მიღწეულია და თავისი სტატუსი - ვიღაცის მიერ აღიარებული, ვიღაცის მიერ არაღიარებული, გაცვალოს იგივე საწყისებზე - საქართველოს შემადგენლობაში შესვლაზე. ეს ნაკლებად შესაძლებელია და ნაკლებად რეალურია.
მაგრამ, ეს ის შიდაქართული პროცესია, რომელიც თანდათანობით უნდა განხორციელდეს.

- და თქვენ მართლა გგონიათ, რომ საქართველო ოდესმე წავა იმაზე რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს?

- მინდა გკითხოთ, რატომ წავიდა რუსეთი იმაზე, რომ გაუშვა, დაშალა საბჭოთა კავშირი და ამაზე თანხმობა განაცხადა. აი, ჩემთვის პირადად, უკიდურესად მტკივნეულად აღიქმება ფაქტი იმის შესახებ, რომ ყირიმი, სევასტოპოლი არ არის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ამასთან ერთად მე, რეალობასთან კარგად მყოფმა, ვიცი, რომ ეს ასეა და როგორიც არ უნდა იყოს ჩემი გრძნობები ამასთან დაკავშირებით, მე ეს უნდა ვაღიარო.
რატომ მოხდა თავის დროზე ისე, რომ ალჟირი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საფრანგეთის შემადგენლობაში და იქ მილიონობით ფრანგი ცხოვრობდა, დე-გოლი წავიდა იმაზე, რომ ალჟირისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებაზე. მართალია ამან კრიზისი და უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ გადაწყვეტილებამ საფრანგეთს საშუალება მისცა კოლონიალური ომის დროდან გათავისუფლებულიყო და ეშენებინა თავისი მომავალი, უკვე ამ, გუშინდელი აუცილებლობებისა და ვალდებულებების გარეშე.

- ეს სულ სხვა ისტორიაა ბატონო კონსტანტინე და მოდით ამაზე არ გავაგრძელოთ...

- მე არ ვითხოვ, რომ თქვენ ჩემს ინტერპრეტაციას დაეთანხმოთ, უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ყოველთვის უცნაური იყო, თუ როგორ ლაგდებოდა საქართველოში მყოფი ჩემი მეგობრების ცნობიერებაში ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა შესაძლებელია და სრულებით არ ლაგდებოდა ის, რომ მსგავსი მოტივებით, შესაძლოა ყოფილმა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ დაკარგოს ტერიტორიები, რომლებიც თავის დროზე, იყო ნაწილი საქართველოს ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკისა.
რატომ არის ეს სულ სხვა ისტორია?! ასეთივე ისტორიაა - ახალი დროებაა, ახალი სტატუსებია, ახალი კონსტიტუციებია, ახალი გარემოებებია, ახალი ხელისუფლებებია და ახალი მიდგომებია ნაციონალური პრობლემების მიმართ და შედეგად ახალი საზღვრებია.
წინააღმდეგ შემთხვევაში ცოტა უცნაურად გამოდის. მიხეილ სააკაშვილის დროს ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და ამასთან ერთად, უგულვებელყოფდნენ და დევნიდნენ ყველაფერს რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს, ამავდროულად დიდი სიყვარულით იცავდნენ იმ საზღვრებს, რომლებიც მხოლოდ საბჭოთა პერიოდში ჰქონდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას. ხომ არის ეს უცნაურობა?!

- მოდით შორს არ წავიდეთ და ბოლო კითხვას დაგისვამთ - თქვენი აზრით, როგორი იქნება რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები არა შორეულ, არამედ ხილულ მომავალში?

- მე ოპტიმისტი ვარ და მეტიც, არის რაღაც განცხადებები, რომლებიც აკმაყოფილებს თუ არა იმ ადამიანებს, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა სურთ არ ვიცი. მაგრამ რუსეთის ხელისუფლების დერეფნებში, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს შორის ვისთანაც მე მაქვს მუდმივად ურთიერთობა, რომლებიც ჩვენს საგარეო პოლიტიკას ხელმძღვანელობენ და თანამონაწილეები არიან საგარეო პოლიტიკური ხაზის გატარებისა, არის გარკვეული მოლოდინი. მოლოდინი, რომ პროცესი რომელიც დაიწყო საპარლამენტო არჩევნებით გაგრძელდება და თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

ჩვენ ყოველთვის უცნაურად გვეჩვენებოდა, რომ საქართველო მუდმივად ზერევოლუციონერის როლში გამოდიოდა დსთ-ს სივრცეში - ის მზადაა გაგზავნოს თავისი ჯარი ავღანეთში, რომელიც, ჩემი აზრით , შორს არის საქართველოსგან და საეჭვოა, რომ მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებიში შედიოდეს და ამასთან, ეჩხუბება რუსეთს, რომელთანაც საქართველოს ძალიან ბევრი აკავშირებს. იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკაც და ადამიანებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან.

ხოლო სააკაშვილი ყველაფერ ამას ცხადია ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგოდ აკეთებდა. სხვა საქმეა, რომ ხანდახან მისი ეს რიტორიკა, პროპაგანდა, გავლენას ახდენდა საქართველოს მოსახლეობაზე, მასებზე. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ყველას თავისი ნაციონალური ტიპი აქვს, მაგრამ მთლიანად მოსახლეობა, ქართველი ხალხი, ემოციურია, მიმნდობია. ამიტომაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი მზადაა დაამხოს და გადააყენოს ის მთავრობა, რომელსაც ცოტა ხნის უკან დიდი სიამოვნებით მისცა ხმა და ა.შ.

ჩვენ ვიცით თანამედროვე ქართული ისტორიის ყველა ეს მაგალითი. იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი მომავალი არჩევნების შედეგად, დაემორჩილება კონსტიტუციას და წავა თვითონ, ის იქნება საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც წავიდა არა გადატრიალების შედეგად.

იმედი მაქვს, ასეც იქნება და ეს მოსალოცი ამბავია. მაგრამ აქამდე არსებული ისტორია სულ სხვა რამეზე მეტყველებს. უნდა ითქვას, რომ იმ საკითხში, რომელიც თქვენ ასე გაღელვებთ და მე ვიცი რომ თქვენს ერთგვარ გაოგნებას იწვევს - რატომ არ აიტაცა რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის თემა, არ ნიშნავს თავის სპეციალურ წარმომადგენელს და არ არის მოწოდებული საქართველოს მკერდში ჩასაკრავად - უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს სხვა ჩახუტებებიც, სხვა დაპირებებიც და ისეთი დიდი ქვეყნისათვის როგორიც არის რუსეთი, აჩქარება ამ საკითხში არ ვარგა.

ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს არ არის მოდა, რომ ეს არ არის რაღაც წინასაარჩევნო მანევრი და რომ ეს არის გააზრებულად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გამყარებულია სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობის პირის არჩევნებით, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.

ჯერ-ჯერობით კი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ორსახოვნება ნარჩუნდება. თქვენ აკეთებთ განცხადებებს რომ აი, ჩვენ ყველაფერს შევცვლით, მაგრამ იქვე აღნიშნავთ, რომ აი, ამა და ამ საკითხებში არავითარი ცვლილებები არ იქნება... რას ვენდოთ?!

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკა მომცელიძე

ავტორი: . .