უკრაინის გაერთიანებულმა ოპოზიციამ 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ერთიანი კანდიდატურა, ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო წამოაყენა, რომელიც ამ დროისათვის სასჯელს „გაზის საქმის" გამო იხდის.
გაერთიანებულ ოპოზიციას ტიმოშენკოს კანდიდატურა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, არსენ იაცენიუკმა შესთავაზა. ეს წინადადება ოპოზიციის კონფერენციის ყველა მონაწილის მიერ იქნა მხარდაჭერილი.
როგორც ცნობილია, ექს-პრემიერს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2009 წელს, რუსეთის ფედერაციასთან ბუნებრივი აირის შესახებ შეთანხმებას, რომელიც კორუფციულ გარიგებად იქნა ცნობილი. ტიმოშენკო სასჯელს კაჩანოვსკის კოლონიაში იხდის, თუმცა, 2012 წლის მაისიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ხარკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპოზიცია ტიმოშენკოს დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს, ხელისუფლება კი ოპოზიციის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.