საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ ბოლო დღების განმავლობაში გამართულ რამდენიმე სასამართლოი პროცესზე განმარტება გააკეთა.
"2012 წლის 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ზურაბ მიქაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 16 000 ლარის ოდენობით", - განაცხადა სპიკერ-მოსამართლემ.
მისი თქმით, შუამდგომლობის განხილვისას დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, ამასთან დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ზ. მიქაძის მიმართ წარდგენილი ბრალდების სამიდან ორ მუხლზე გასულია სისხლის სამართლებრივი დევნისთვის კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა.
"სასამართლომ ბრალდებულ ზურაბ მიქაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: ბრალდებული დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით , წარსულში არ არის ნასამართლევი, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი. ზურაბ მიქაძე დაბარებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი", - განმარტა
მისივე თმით, 2012 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ თენგის გუნავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. თენგის გუნავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.
"სასამართლომ ბრალდებულ თენგის გუნავას მიმართ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 18 ნოემბერს ბრალდებულ თენგიზ გუნავას შეუფარდა გირაო 10000 ლარის ოდენობით, რომლის პირობებიც მას არ დაურღვევია, ასევე ის პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში; ბრალდებული გათავისუფლებულია თანამდებობიდან, ჰყავს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი; საქართველოში გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია გამოძიებისათვის ხელის შეშლის ფაქტს, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - განმარტა სპიკერ-მოსამართლემ.