10 თებერვალს, კაფე LIGAMUS-ში გაიმართება გერმანიაში გამოცემული წიგნის _ შუა საუკუნეების ქართული ენა იდენტობის ძიებაში ("Die georgische Sprache im Mittelalte") _ პრეზენტაცია. ნაშრომის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.
მონოგრაფია ჰუმბოლდტის საერთაშორისო ფონდის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამოიცა. იგი ასახავს ადგილობრივი, ნაციონალური ენების ემანსიპაციის ტიპოლოგიურ მოდელებს გვიანანტიკურობასა და შუა საუკუნეებში. ნაშრომის კვლევის ობიექტი ძველი ქართული ენის სტანდარტიზაციის პროცესია. მონოგრაფიაში ძველი ქართული წყაროების საფუძველზე წარმოდგენილია ორი დისკურსი, რომლებიც ენასთან ავტორების კონცეპტუალიზაციებს შეესაბამება.
როგორც ილია უნივერსიტეტში აცხადებენ, სახელმძღვანლოში ძველი ქართული წყაროების საფუძველზე წარმოდგენილია ორი დისკურსი, რომლებიც ენასთან ამ ენის მატარებლის, უფრო სწორად, ტექსტების ავტორის, ისტორიულად დადასტურებულ კონცეპტუალიზაციებს შეესაბამება. ერთი უფრო პოლიტიკური ხასიათისა, მეორე _ უფრო თეოლოგიური. ორივეöშემთხვევაში "რელიგიური" ტექსტები ემსახურება იდენტობის განსაზღვრას და ენის ლეგიტიმაციას, მაგრამ ისტორიოგრაფების პოლიტიკური ინტერესი უფრო ქართულ სახელმწიფოში ქართული ენის სპეციფიკურ და ცვალებად პოზიციებს უკავშირდება, მაშინ, როცა თეოლოგიური დისკურსი, მაგალითად, წმინდა ტექსტების თარგმნა, სვამს თარგმანთან დაკავშირებულ იმგვარ საენათმეცნიერო საკითხებს, რომლებიც ევროპული ტრადიციის ცნობილ კონცეპტუალიზაციებში. როგორიცაა მაგალითად, ენობრივი შინაარსის A-დან B-ში გადატანა, გადაღება, გადაყვანა (trans-ferre, trans-ducere) არსად ჩანს. სწორედ ეს ანიჭებს ამ ტექსტებს პირველხარისხოვან მნიშვნელობას. მონოგრაფიაში ძირითადი აქცენტი ტექსტის თეორიის საკითხებზეა გადატანილი, თუმცა პოლიტიკური დისკურსიცაა წარმოდგენილი თუნდაც იმიტომ, რომ ქართველ მთარგმნელთა მოტივაციას გარკვეულწილად პოლიტიკური საფუძველიც ჰქონდა.