საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლის, სამშენებლო კონსტრუქციებისა და სამშენებლო მექანიკის ღვაწლმოსილი მკვლევრის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ტექნიკური უნივერსიტეტის "სენატის" წევრის, სრული პროფესორის, აგული სოხაძის დაბადებიდან 80 და პედაგოგიური, სამეცნიერო და საინჟინრო მოღვაწეობის 58 წლისთავი აღინიშნა.
აგული სოხაძე ჯერ კიდევ 1967 წლიდან იყო სასწავლებლის ყველაზე ახალგაზრდა პრორექტორი პერსპექტიული განვითარებისა და მშენებლობის დარგში. ნიჭიერებითა და ინჟინრული აზროვნებით გამორჩეული პიროვნება ინსტიტუტის აღმშენებლობითი საქმიანობის თავკაცი და სულისჩამდგმელი იყო. მაღალი პროფესიონალიზმისთვის აგული სოხაძეს მიენიჭა "საქართველოს დამსახურებული ინჟინრის" საპატიო წოდება, დაჯილდოებულია "ღირსების ორდენით" და უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი - "გიორგი ნიკოლაძის" მედლით. 2001 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია. იგი არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და მშენებლობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. აგული სოხაძე დღესაც გამოირჩევა აქტიური შემოქმედებითი მეცნიერული და ინჟინრული მიღწევებით.