შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილის დავით ლორთქიფანიძის დაკავებას ადასტურებს. მისი თქმით, ლორთქიფანიძის მიმართ რიგი დანაშაულები გამოიკვეთა და შესაბამის ვიდეომასალას სამინისტრო უახლოეს ხანში გაავრცელებს.
კახეთის საოლქო პროკურატურამ შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ლორთქიფანიძე დააკავა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დავით ლორთქიფანიძე სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.
"დაუზუსტებელი ცნობით, კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობის დროს, დავით ლორთქიფანიძემ ერთ-ერთ ბიზნესმენს რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა აყიდინა და შემდეგ კერძო პირისთვის აჩუქებინა. ამასთან, ბიზნესმენმა, ლორთქიფანიძის დავალებით, დიდი რაოდენობით თანხა გადაურიცხა ერთ-ერთ მედიასაშუალებას", - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დავით ლორთქიფანიძე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის ძმაა. გია და დავით ლორთქიფანიძეების სახელს უკავშირდება ახმეტაში, ნანა ლეჟავას გადაცემა "კვირის რეპორტაჟის" ჟურნალისტების ცემის ფაქტიც.