ENG / RUS       12+

ვანო მერაბიშვილი: ქართველებმა დემოკრატიის გემო გავიგეთ და ამის შემდეგ ხელისუფლება ხშირად შეიცვლება

რესპოდენტის შესახებ

რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა და რას ასაახელებს არჩევნების წაგების მიზეზად. აპირებს თუ არა ხელისუფლებაში დაბრუნებას და რა იქნება ნაცმოძრაობის ახალი სტრატეგია. ამ და სხვა საკითხებზე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" ყოფილ შს მინისტრს, ყოფილ პემიერს და ახლა ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ესაუბრა.

- 23 ნოემბერი სიმბოლური თარიღია - "ვარდების რევოლუციის" ცხრა წლის თავი. ხელისუფლებაში ყოფნისას როგორ ზეიმობდა არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა", არამედ ქართული საზოგადოება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვახსოვს, მაგრამ როგორი განცდაა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნისთვის, რომ ის "ვარდების რევოლუციის" ცხრა წლის თავზე ხელისუფლებაში არ არის, არა მხოლოდ ის, არამედ მთლიანად მისი გუნდი?

- აქ უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხვდება საზოგადოება, ვიდრე ჩვენ - ყოფილი სამთავრობო გუნდი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ვიყავით და ჩემი აზრით, ვაკეთებდით იმ საქმეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედიოდა. გავაკეთეთ ძალიან ბევრი კარგი, გამოგვივიდა მათ შორის ბევრი ცუდიც და საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომელშიც ვიმყოფებით. თუმცა ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია არა ის, დღეს როგორი შეფასდება ექნება "ვარდების რევოლუციას", არამედ როგორ შეფასდება "ვარდების რევოლუცია" ათი წლის შემდეგ. ეს ცხრა წელიწადი, ეს ეპოქა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში შეფასებული იქნება დადებითად, იმიტომ, რომ გავა დრო და ხალხს დაავიწყდება ნეგატიური, დარჩება პოზიტიური. ისტორია ასეთია. რაც მთავარია, ის ძეგლები და ის მშენებლობა და ის რეზულტატები, რომელიც ამ ცხრა წელმა მოიტანა, საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ძალიან დადებითი მოვლენა.

- მაინც რა მიგაჩნიათ "ვარდების რევოლუციის" ყველაზე დიდ მონაპოვრად. შეიძლება, რაიმე კონკრეტული ვერ გამოყოთ, მაგრამ რამდენიმე მათგანი რომ გამოარჩიოთ...

- გამოვარჩევ რამდენიმე ფაქტს. პირველი: ქართული საზოგადოება შეიცვალა. ის წავიდა წინ, ვაღიაროთ - გახდა უფრო დემოკრატიული, უფრო თავისუფალი, ქართველმა ხალხმა იგემა თავისუფების გემო, ქართველმა ხალხმა იგემა ის, რომ მას შეუძლია ქრთამი არ გადაიხადოს და მიიღოს სახელმწიფო სერვისი. მან იგემა ის, რომ პოლიციელი აღარ არის მისი მტერი და პოლიციელი მისი მეგობარია, მან იგემა, რომ შეუძლია მანქანა არ დაკეტოს და არ შეეშინდება, რომ მანქანას მოპარავენ, ქართველმა ხალხმა იგემა, რომ დღის ნებისმიერ დროს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე გამოვიდეს ქუჩაში, გამოუშვას ბავშვი და არ შეეშინდება, რომ მისი შვილი გახდება ნარკოდილერების მსხვერპლი, ან ის გახდება ყაჩაღი, ქურდი, ბანდიტი, რეკეტიორთა მსხვერპლი. ქართველმა ხალხმა ნახა ის, რომ მთელი საქართველო განათებული იყო, მან იგემა, რომ ხელფასები დროზე რიგდება, პენსიები სისტემატიურად იზრდება. მთავარი და ყველაზე ვიზუალურია ის, რომ შეიძლება გაშენდეს არა მარტო ერთი შენობა, არა მარტო ერთი გზა, არამედ მთელი ქალაქები. საქართველოს ისტორიაში გრძელი ისტორია გვაქვს, მაგრამ ძალიან მოკლე ვადები გვაქვს იმ ეპოქების, როცა რელურად ახალი ქალაქები შენდებოდა. შეიძლება გვითხრან, რომ სწორედ სადაც ახალი ქალაქები ააშენეთ, იქ იგემა და ყველაზე მეტად წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები, მაგრამ ესეც ისტორიული კანონზომიერებაა, რადაგნ იქ, სადაც შევიდა განვითარება, დემოკრატია, პროგრესი იქ საზოგადოება უფრო დემოკრატიული გახდა.

- ბოლო ბერიოდში ვადევნებდი თვალყურს თქვენ მიერ მიცემულ არაერთ ინტერვიუსა და კომენტარს და თქვენ ერთგან ბრძანეთ ასეთი ფრაზა, - რომ მცოდნოდა, რა განაპირობებდა მარცხს, ხომ არ დავმარცხდებოდით. არჩევნების დღიდან დღემდე საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ თქვენს გუნდს, პირადად თქვენ, სიტუაცია გაგეანალიზებინათ. მაინც რა იყო უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" მარცხი გამოიწვია?

- ვიტყვი მთავარ ფაქტორს. ჩვენ საზოგადოებასთან დებტებში არ ჩავერთეთ და საზოგადოებასთან არ გავმართეთ ფართო დებატები ყველა იმ საკითხზე, რომელიც მათ აინტერესებდათ. უტრირებულად ვიტყვი, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ხომ ისედაც კარგ საქმეს ვაკეთებთ, ისედაც ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ხალხის კეთილდრეობისკენაა მიმართული და აქედან გამომდინარე ქართველი ხალხი თვითონ მიხვდება სად არის სიმართლე და ტყუილი. ჩვენ თვითონ არ ჩავერთეთ დებატებში, დებატებში არ ჩავრთეთ საზოგადოების განვითარებული, განათლებული ნაწილი და, შესაბამისად, დებატები დავუტოვეთ მდარე გემოვნებისა და დაბალი განათლების ადამიანებს. შესაბამისად, საზოგადოებამ მათგან მიიღო ინფორმაცია, რომელიც მათ აინტერესებდათ. ერთ მაგალითს მოვიყვან: საქართველოში, თითქმის ყველა მიიჩნევდა, მე მესმოდა ამის შესახებ, ხშირად პრესაშიც და ისეც, რომ საქართველოს მთავრობა ჩართულია კორუფციაში. მაგალითად, ბენზინი უნდა ღირდეს ერთი ლარით იაფი, ზოგი მიიჩნევდა, რომ 30, 40, 50 თეთრით ნაკლები და ეს ფული მიდიოდა მთავრობაში. მე, პირადად, ეს ბრალდება იმდენად აბსურდულად მიმაჩნდა, რომ არასოდეს აზრად არ მომსვლია, ამაზე არათუ მე გამეკეთებინა კომენტარი, არამედ დებატები გაგვემართა. აღმოვაჩინე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ამისი სჯეროდა. თუნდაც ჩვენი ხელისუფლებაში არყოფნის ორთვიანმა პერიოდმა დაამტკიცა, რომ ბენზინი იგივე ფასი ღირს, რაც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას ღირდა. ანუ გამოდის, რომ ეს მითი გაქარწყლდა და ბევრი სხვა მითიც გაქარწყლდება. ალბათ, რომ დავმსხდარიყავით, გვეპოვა ავტორიტეტული ადამიანები, რომლებიც ჩაატარებდნენ მოკლევას, შესწავლას და დაადგენდნენ, იპარება, თუ არა ფული ბენზინის ფასიდან და ამას საზოგადოებას კარგად ავუხსნიდით, ამაზე შეკითხვები აღარ დაისმებოდა. მესმის: ტაქსის მძღოლი, რომელიც მანქანაში დღეში ორჯერ ასხამს ბენზინს და მას თუ ჰგონია მისი ჩასხმული თითოეული ლიტრიდან ლარი, 50, თუ 30 თეთრი მიდის მთავრობაში, რა თქმა უნდა, გაღიზიანებული იქნება. ცხადია, ასეთი ადამიანი მთავრობის მიმართ ნეგატიურად იქნება განწყობილი. ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა ჩვენ არ განვუმარტეთ ხალხს ესა თუ ის საკითხი და დებატები არ გავმართეთ.

- შეიძლება, რაც თქვენ ბრძანეთ, რაღაცებში დაგეთანხმოთ. რაღაცებში არა, მაგრამ მახსოვს წინასაარჩევნო პერიოდში პიართან დაკავშირებით გარკვეული ტაქტიკა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა: კონკრეტული კითხვის შემდეგ (სადაც არ უნდა დასმულიყო შეკითხვა) "ნაციონალური მოძრაობა" იწყებდა საუბარს საარჩევნო პროგრამაზე და დასმული კითხვა, ფაქტობრივად, პასუხგაუცემელი რჩებოდა. პასუხგაუცემელმა კითხვებმა და სხვა მოვლენებმა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაგროვდა, ხომ არ გაზარდა ის კრიტიკული მასა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მარცხი განაპირობა, აქაც ხომ არ იქნა შეცდომა

ავტორი: . .