შსს გეგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება სოფელ წავკისში აგარაკების მშენებლობას. ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გოჩა დარსაძის განცხადებით, ქელბაქიანმა წავკისში შეუკვეთა სამი სააგარაკე სახლის მშენებლობა, რომელთაგან ერთი მას ეკუთვნოდა, მეორე "ენ-სი-სის" მეორე ხელმძღვანელს გიორგი გოგიბერიძეს, ხოლო მესამე კი დაუდგენელი პირისთვის იყო განკუთვნილი. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამივე მათგანის მშენებლობა ფინანსდებოდა მერიის ბიუჯეტიდან.
"გიორგი ქელბაქიანის პირადი კომპიუტერის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ „ენ-სი-სის" ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე ქელბაქიანს ელექტრონული ფოსტით უგზავნიდა ცხრილებს, სადაც ნათლად ჩანს თუ რა ოდენობის თანხებს ურიცხავდნენ 2009-2012 წლებში ფიზიკურ პირ გოჩა დარსაძეს სამშენებლო სამუშაოებისთვის. აუდიტორების მიერ შედგენილი შუალედური ცნობის თანახმად ლეპტოპის დათვალიერების შედეგად არსებულ ინფორმაციასა და საბანკო ოპერაციებს შორის აღმოჩნდა რადიკალური განსხვავებები", - განაცხადა გიორგობიანმა. მისი თქმით, დარსაძის ჩვენებიდან დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიისთვის გადახდილი 6 მილიონ 589 ათასი ლარიდან ქელბაქიანმა და ჩოგოვაძემ ე.წ.ატკატის სახით დაიბრუნეს 2 მილიონ 535 ათასი ლარი.
კომპანია ,,ენ სი სი"-ს გენერალურ დირექტორს გიორგი ქელბაქიანს და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით, რაც 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები