ENG / RUS       12+

მთავარი გმირი სცენაზე ბრუნდება

ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენა თბილისის აეროპორტში იქ მომუშავე მესაზღვრეებისა და პოლიციელებისათვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. ისინი დიდხანს თათბირობდნენ, მათ შორის მობილური ტელეფონის გამოყენებით. ყველაზე ნიშანდობლივი ისაა, რომ ვისაც ეთათბირებოდნენ, არც იმათ იცოდნენ ზუსტად, რა ექნათ და როგორ მოქცეულიყვნენ: დაეკავებინათ თუ არა ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი გენერალური პროკურორი და ექს-შინაგან საქმეთა მინისტრი.

არა მხოლოდ ეს აშკარა დაბნეულობა, არამედ რამდენიმე სხვა სიმპტომიც მეტყველებს, რომ ხელისუფლებისთვის ოქრუაშვილის დაბრუნება სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა და მტკნარი სისულელეა, თითქოს მან წინასწარ შეათანხმა ვინმესთან ასეთი ნაბიჯი. არა, ადრე თუ გვიან რომ დაბრუნდებოდა, ყველასთვის ცხადი იყო. მით უმეტეს მათთვის, ვინც იგი «პოლიტდევნილთა» სიაში შეიყვანა, მაგრამ ისინი (მათ შორის «ოქროს» ყოფილი ადვოკატი ეკა ბესელია) განცვიფრებას ვერ მალავენ: რა საჭირო იყო ასე ნაუცბათევად დაბრუნება მაშინ, როდესაც შეეძლო მშვიდად დალოდებოდა პარიზში პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას, რომლითაც გარანტირებული ექნებოდა ბრალდებათა მოხსნა? მართლა უცნაურია ყველასთვის, ვინც ირაკლი ოქრუაშვილს ჩვეულებრივი ლოგიკის საზომით მიუდგება. მაგრამ ეს სუბიექტი მართლა არაორდინალური მოვლენაა თვით საქართველოს მრავლისმნახველ უახლეს ისტორიაშიც კი!

რეალურად, ირაკლი ოქრუაშვილი დაბრუნდა (ამ ფორმით და ამ მომენტში) არა იმიტომ, რომ უბრალოდ სამშობლოში დაბრუნება უნდოდა, არამედ უნდოდა პოლიტიკოსად დაბრუნება!

თუ ვინმე შეიძლება შეედაროს მიშას თანდაყოლილი PR ხელოვნებითა და ნიჭიერებით, აგრეთვე პოლიტიკური ალღოთი და ეშმაკობით - სწორედ ოქრუაშვილია. მან ძალიან კარგად იცის, რომ მოულოდნელი და შეუთანხმებელი დაბრუნებით ჯერ ერთი, კვლავ იძენს პოლიტიკურ რენომეს და ხელისუფლებასაც გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. თავად განსაჯეთ: პარლამენტი ან მისცემს ხმას კანონს ამნისტიის შესახებ, ან არ მისცემს. თუ უმრავლესობა ამ კანონს ვერ გაიტანს, მისი ავტორიტეტი ძალზე სერიოზულად შეილახება. მაგრამ სია უკვე დამტკიცებულია და მას მთლიანობაში ეყრება კენჭი. ანუ გამონაკლისების გარეშე. რამდენიმე თვეს კი ციხეშიც გაძლებს. მით უმეტეს, როცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მისი თანაპარტიელი სოზარ სუბარი უდგას სათავეში.

ოქრუაშვილის ფანატიზმი და ვნება პარიზში ან თუნდაც თბილისში წყნარ სიბერეს და მემუარების წერას ვერ შეეგუებოდა. იმის მიუხედავადაც კი, რომ მატერიალურად არაფერი უჭირდა. მისი დაუდგრომელი ხასიათი (ამითაც ძალიან ჰგავს მიშას) აქტიურობას მოითხოვდა, ხოლო რამდენად «უკანმოუხედავი» პოლიტიკოსია იგი, მხოლოდ ერთი მაგალითითაც ჩანს: 2011 წლის მაისში, - ბურჯანაძის საპროტესტო აქციების დროს - ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ამ საქმეზე ათეულობით გორელი დააპატიმრეს, რომლებიც მას ერგნეთთან ელოდნენ, სადაც იგი ვითომ «რუსულ სპეცსამსახურებს უნდა მიეყვანათ». ყველა დაპატიმრებული დაკითხვისას ყვებოდა, რომ მათი ინფორმაციით, «მაისის დღეებში ოქრუაშვილი ვლადიკავკაზში ჩავიდა», რომ თითქოს «მოლაპარაკებული იყო პუტინთან» და ა.შ.

სინამდვილეში არც პუტინთან მოულაპარაკია და არც ვლადიკავკაზში ყოფილა, მაგრამ მან ეს ზღაპარი გამოიყენა იმისთვის, რათა მომხრეები გაეაქტიურებინა, - შეექმნა მათთვის შთაბეჭდილება, ვითომ «რუსებთან ყველაფერი გარკვეულია, მიშა დამთავრებულია» და ამით დაედასტურებინა ნინო ბურჯანაძისთვის თავისი შესაძლებლობები, მომხრეების სიმრავლე, ძალა და გავლენა. იგივე მეთოდი გამოიყენა 2006 წელს, გადადგომის შემდეგ, როდესაც სახლში იჯდა და ყველას ეუბნებოდა «მიშა პრემიერ-მინისტრობას მთავაზობსო». ესეც ზღაპარი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ეშმაკურად მოფიქრებული: როგორ გინდა შეამოწმო, სთავაზობდა თუ არა - მიშას ჰკითხავ?

ისე, საბრალო გორელების მოტყუება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. მაგრამ სხვა თვალსაზრისით ამას რა ჰქვია, მკითხველმა თავად განსაჯოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოქრუაშვილის ფენომენზე ალბათ ტომები შეიძლება დაიწეროს. საინტერესოა, ქართული ოცნების ლიდერები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში (და ახლაც) ცხელ ცრემლს აპკურებდნენ ტელეკამერას «ბავშვის საწოლში ჩადებული ავტომატის გამო», თუ იგრძნობენ მცირე უხერხულობას, როცა ჰკითხავენ: ვინ ხელმძღვანელობდა ბონდო შალიაკიანის სახლში ღამით შევარდნისა და «ბავშვის საწოლში ავტომატის ჩადების» ოპერაციას? ან იმ ოპერაციას, როცა ძებნილი მაღალჩინოსნის ნაცვლად მისი ტყუპისცალი დააკავეს ტელეკამერების წინ. თან ასე ახსნეს: «მეტისმეტად ჰგავს, რომ უდანაშაულო იყოსო». და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

როგორც ჩანს, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკოსობას ვერ ავცდებით, რადგან ეს საინტერესო პერსონაჟი ამ ქვეყნის მორიგ ბედისწერად იქცა. თუმცა არანაკლებ საინტერესოა თვით «პოლიტპატიმართა სია»: ნეტავ იმ ადამიანებმა, ვინც ეს სია შეადგინა და ასეთი სტატუსი მიანიჭა ჩამოთვლილ პიროვნებებს, თუ იციან, რას ნიშნავს «პოლიტპატიმარი?» მით უმეტეს 200 პოლიტპატიმარი?! სხვა იურიდიული ტექონოლოგია, სახელი თუ დეფინიცია მაინც მოეფიქრებიანთ იმ კაზუსის გადასალახად, რომ შეუძლებელია პარლამენტმა მიიღოს ამნისტია, რომლითაც ერთი დაც იგივე მუხლით გასამართლებული ასი ადამიანიდან მხოლოდ ერთს გაათავისუფლებდნენ.

ეს გასაგებია, მაგრამ «200 პოლიტპატიმარი?!» 200 პოლიტპატიმარი არ მოიძებნება ერთად აღებულ ჩრდილო კორეაში, ირანში და კუბაზე! ნებისმიერ ევროპელ დეპუტატს თმები დაუდგება ყალყზე, როცა გაიგებს, რომ ევროპის საბჭოს წევრია ქვეყანა, სადაც 200 პოლიტპატიმარი აღმოჩნდა!!! ასეთი ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა გაირიცხოს ყველა ევროპული ორგანიზაციიდან და შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელზეც პირველ და ყველაზე ფასეულ მოწმედ ევროპული ყაიდის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, კაცთმოძულე რეჟიმის მთავარი მამხილებელი, ირაკლი ოქრუაშვილი წარსდგება.

"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .