19 ნოემბერს თბილისის საქლაქო სასამართლომ ბრალდებული ხვიჩა მოდებაძე გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. ხვიჩა მოდებაძეს ბრალად ედებოდა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატება დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით.
საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის 23 თებერვლის დადგენილებით ხვიჩა მოდებაძე ცნობილ იქნა დაზარალებულად, მის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, 2009 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 18:45 საათზე ხვიჩა მოდებაძეს ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაღში დ.გ-მ და ნ.გ-მ დანით მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, თავდამსხმელები მიიმალნენ, ხოლო ხვიჩა მოდებაძე სამედიცინო დახმარების გაწევის შემდგომ გადაურჩა სიკვდილს.
2009 წლის 23 თებერვალს, დაზარალებულად დაკითხვისას ხვიჩა მოდებაძემ, როგორც ფოტოსურათით, ისე პირის ამოსაცნობად წარდგენისას ამოიცნო თავდამსხმელები, რომლებსაც ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად და შეეფარდათ აღკვეთი ღონისძიება.
დაზარალებულმა ხვიჩა მოდებაძემ განიზრახა მართლმსაჯულებისთვის შეგნებულად ხელის შეშლა და სასამართლოს არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა.
საქმის არსებითად განხილვისას, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია რომ არ არსებობდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ხვიჩა მოდებაძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.