გასულ შაბათ-კვირას, საფრანგეთში, ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი აქციები გაიმართა. ფრანგული ქალაქების ქუჩებში დაახლოებით 200 ათასამდე დემონსტრანტი გამოვიდა. ამის შესახებ გაზეთი "ლე ფიგარო" წერს.
პარიზში ჩატარებულ აქციას კათოლიკური ინსტიტუტი Civitas ხელმძღვანელობდა. "ლე პარიზანის" ინფორმაციით, ათასობით ადამიანს ხელში ტრადიციული ოჯახების მხარდამჭერი ლოზუნგები ეკავა.
აქციის მიმდინარეობის დროს, დემონსტრანტების წინ, უკრაინული ქალთა ორგანიზაცია "ფემენის" ნახევრადშიშველი აქტივისტები გამოჩნდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეების მისამართით სკანდირება დაიწყეს: "ჩვენ გვჯერა გეების!", რის შემდეგაც კათოლიკე აქტივისტები "ფემენის" წევრებს თავს დაეხნენ.
"მათ ცემა დამიწყეს, რადგან მიმდინარე აქციის ვიდეოს ვიღებდი, დამაგდეს მიწაზე და შეურაცხყოფა მომაყენეს" - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.
გასულ კვირას, საფრანგეთის მინისტრთა საბჭომ ერთსქესიანი ქორწინებების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც 2013 წლის იანვრიდან პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. თუ ეს კანონი ძალაში შევა, ჰომოსექსუალებს ბავშვების შვილად აყვანის უფლებაც მიეცემათ.