"არ შეიძლება წმინდანის სახელის სიბიძურესთან მიბმა", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ბაჩო ახალაიას ცოტნე დადიანთან შედარების კომენტირებისას განაცხადა.
"საზოგადოებაში არის ბაჩო ახალიას მიმართ გამოხატული ნეგატიური განწყობა. ადამიანები, უშუალოდ ახალიას ქმედებების მსხვერპლნი არიან და ამას ღიად აცხადებენ. ამ დროს მას უწოდო ცოტნე დადიანი და ზნეობრივი მაგალითი, ეს მინიმუმ - არაზნეობრივია", - განაცხადა ოთხმეზურმა.
მისვე თქმით, არც ისტორიული პარალელებისა და ანალოგიების გათვალისწინებით, ახალაიას საქციელი არაფერით ჯდება ცოტნე დადიანის გმირობაში.
"აკო მინაშვილი აცხადებს მზად ვარ ახალიას გვერდით დავჯდეო და იქნებ აკო მინაშვილსაც ვუწოდოთ ცოტნე დადიანი?!", - აღნიშნა ისტორიკოსმა.
მისი თქმით, ზეწოდების მინიჭება არანაირად არაა თანამედროვეობის პრეროგატივა.
"აღმაშენებელი უდიდესი ქართველი მეფისთვის სიცოცხლეში არ უწოდებიათ. მას შედგომმა თაობებმა უწოდეს აღმაშენებელი. ისევე როგორც თავდადებულს, ბრწყინვალეს. არანაირად არ შეიძლება, არც ისტორიულად არაა გამართლებული ასე არიგონ ტიტულატურები, მით უფრო, ანალოგიების არ არსებობების პირობებში", - განაცხადა ოთხმეზურმა.
მისივე თქმით, ასეთი საქციელი ნეგატიურ გავლენას ახდენს ახალგაზრდობაზე.
"ადამიანის, რომელსაც ბრალი ედება მრავალ დანაშაულში უწოდო ისტორიული გმირის სახელი ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ახალგაზრდების ფსიქიკაზე. მით უფრო, როდესაც მოვლენები მათ თვალწინ ვითარდება. საზოგადოებასა და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს გამოდის ვეუბნებით, რომ ჩვენი სახელოვანი გმირები დამნაშავეები იყვნენ?", - აცხადებს აკადემიკოსი.
გიორგი ოთხმეზური მიჩნევს, რომ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება წმინდანის სახელის მიბმა სიბინძურესთან.
შეგახსნებთ, რომ ისტორიკოსმა სვიმონ მასხარაშვილმა ბაჩო ახალიას ცოტნე დადიანი და სხვებისთვის ზნეობრივი მაგალითი უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები