საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებულნი გახდებიან, კლიენტების მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია რამდენიმე წლით შეინახონ. შესაბამისი ცვლილება კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბალავაძეა.
კანონპროექტის თანახმად, კომერციულ ბანკებს ზემოთ ხსენებული ინფორმაციის შენახვა არა ნაკლებ 15 წლით დაევალათ. აქამდე კი მათ მსგავსი ინფორმაციის შენახვის ვალდებულება არ ჰქონდათ.
როგორც „მედიანიუსს" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით 9 თებერვლისთვის დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.