ისრაელმა ღაზას სექტორზე სახმელეთო იერიშის მიტანის ოპერაციისათვის მზადება დაასრულა. სახმელეთო შეჭრა ამ საღამოს დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Times - ი ისრაელის არმიის სარდლობაში არსებულ მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ სამხედრო ოლქის ოფიცერმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორის საზღვართან დისლოცირებული დანაყოფები უკვე იმყოფებიან მზადყოფნის უმაღლეს ხარისხზე. ასევე აღნიშნულია, რომ სახმელეთო შეჭრას ბრძანების გაცემიდან მხოლოდ 60 წუთი დასჭირდება.
როგორც ადრე "კურსორი" იუწყებოდა, ისრაელი ღაზას სექტორის მახლობლად სამხედრო ძალის კონცენტრირებას ახდენს. აქ უკვე ჩამოყვანილია ელიტური დანაყოფების "გივატისა" და "ცანხაიმის" მებრძოლები და მეშვიდე ბრიგადის ჯავშანსატანკო დანაყოფები.
ამავდროულად, სამხედრო სამსახურის გავლის ადგილებისკენ რეზრვისტები მიემართებიან. სულ იგეგმება 75 ათასი რეზერვისტის გაწვევა.
ისრაელის არმიის პრესსამსახურის უფროსის, ბრიგადის გენერლის იოვ მორდეხაის ინფორმაციით, რეზერვისტები და სხვა სამხედროები მზად არიან ნებისნიერ მომენტში დაიწყონ იმ ამოცანის შესრულება რომელიც მათ ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაუსახა.
გუშინ საღამოს ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა ჩაატარა, რომელზეც განხილული იყო ღაზას სექტორში ოპერაციის გაფართოების გეგმა.