გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის შექმნილ სიტუაციაში სრულ პასუხისმგებლობას ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" აკისრებს.
"პასუხისმგებლობა დაწყებულ კონფლიტზე ღაზას სექტორში მთლიანად ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" ეკისრება",_ განაცხადა მერკელმა. მან ასევე მოუწოდა ეგვიპტეს ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენოს იმისათვის რათა აიძულოს ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" წარმომადგენლები ზავზე წამოვიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმების გამართლება, რომლებიც ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით განხორციელდა არ შეიძლება, ვინაიდან მათ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი გამოიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმები ისრაელსა და ღაზას შორის გუშინდელი ოთხშაბათიდან მიმდინარეობს. ისრაელის ავიაციის დარტყმის შედეგად სამხედრო ფრთის მოძრაობის მეთაური აჰმედ ჯაბახი დაიღუპა.
ისრაელის არმიაში მაშინ განაცხადეს, რომ ეს პალესტინელი ბოევიკების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციის მხოლოდ დასაწყისია.
ისრაელის არმიამ 16 ათასი რეზერვისტის მობილიზაციის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა, რაც შესაძლოა იმის მაუწყებელი იყოს, რომ ისრაელის არმია ღაზაში სამხედრო ოპერაციას იწყებს.
ისრაელმა ასევე გააძლიერა ღაზას სექტორის საჰაერო დაბომბვები და გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ღამის განმავლობაში 130 მდე ობიექტი დაბომბა.
მსხვეროლი არის ორივე მხრიდან. დაღუპულია 18 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები და სამი ებრაელი.
გუშინ ღამით თელავივის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ორი რაკეტა გაუშვეს. ქალაქში ბოლო 20 წლის განმავლობაში საფაერო განგაში იყო გამოცხადებული, მაცხოვრებლები კი მიწისქვეშა თავშესაფარში დაიმალნენ. ამ რაკეტებმა სერიოზული ზიანის მიყენება ვერ შეძლეს.
სულ გუშინ საღამოდან ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 300 მდე სარაკეტო ნაღმი იქნა გაშვებული. ქალაქ თელავივის სარაკეტო დაცხრილვა კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციის მანიშნებელია.
პალესტინური დაჯგუფების "ისლამისტური ჯიჰადის" სამხედრო ფრთამ განაცხადა, რომ თელავივის მიმართულებით ირანში დამზადებული რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.
ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ჰამასელები სპეციალურად ანთავსებენ თავის რაკეტებსა და ნაღმმტყორცნებს საცხოვრებელ რაიონებში საიდანაც ისრაელის დაბომბვას აწარმობენ.
"არ არსებობს მორალური სიმეტრია ისრაელსა და ღაზას ტერორისტებს შორის", _ განაცხადა ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე, რომელიც თელავივში პირდაპირ ეთერში გაიმართა. მისივე თქმით "ჰამასი შეგნებულად ხსნის ცეცხლს ჩვენი ბავშვების მიმართულებით და ასევე შეგნებულად ანთავსებს სარაკეტო დანადგარებს თავის შვილებს შორის. მიუხედავად ამ რეალობისა, ხოლო ეს კი რთული რეალობაა - ისრაელი გააკეთებს ყველაფერს რაც მის ძალებშია იმისათვის რათა თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლი სამოქალაო მოსახლეობას შორის". ამასთან ერთად, პრემიერმა აღნიშნა, რომ ისრაელი ყველაფერზე წავა იმისათვის რათა თავისი მოქალაქეები დაიცვას.