"ჯაშუშობაში" ბრალდებული ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე ფოტორეპორტიორების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადებას მომავალ კვირას შეიტანენ. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგი აბდალაძე აცხადებს, რომ ამჟამად ისინი ამ საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებებს ელიან, რომლებიც არა მხოლოდ მათ საქმესთან იქნება დაკავშირებული და ძალიან ბევრ ცნობილ და გახმაურებულ საქმეს ახდის ფარდას.
აბდალაძის თქმით, მტკიცებულებები, სავარაუდოდ სპეცოპერაცია "ენვერის" საქმის შესახებაც გამოქვეყნდება.
"ველოდებით, რაღაც მტკიცებულებებს, თან არა მარტო ჩვენს საქმესთან დაკავშირებით, არამედ არსებობს რაღაც ისეთის მასალები, რომლებიც ძალიან ბევრ საქმეს ეხება. მათ შორის არის ერთ-ერთი, თუ არ ვცდები "ენვერის" საქმე. ანუ ეს არის დოკუმენტაცია და ვიდეომასალები იმის შესახებ თუ როგორ ითითხნებოდა ეს მასალები. მასალებს საიდან ველი მაგას ვერ დავაკონკტერებ. უბრალოდ ვიტყვი ერთს - უახლოეს მომავალში ყველაფერი გახდება ცნობილი",_ აცხადებს აბდალაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბდალაძე სამ ფოტორეპორტიორთან ერთად "ჯაშუშობის" ბრალდებით 26 მაისის მოვლენების შემდეგ დააპატიმრეს. რამდენიმე დღიანი პატიმრობის შემდეგ ფოტორეპორტიორები გირაოს სანაცვოლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი დაკავება 26 მაისის დარბევის დროს გადაღებულ ფოტოებს უკავშირდებოდა.