შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ლევან ქარდავას ბრალი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
"კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ყავლაშვილის მიერ მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიღებული ჰქონდა დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილთან და "ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებული ყველა ფირმის მიერ შემოტანილი ტვირთის შესახებ კუდ-ის ხელმძღვანელობისათვის ეცნობებინა", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
კბილაშვილმა აღნიშნა, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაკები უშუალოდ ახდენდნენ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გარკვეული ტვირთების გაჩერებასა და ელექტროტექნიკის მწყობრიდან გამოყვანას, რათა მათი შემდგომი გამოყენება შეუძლებელი გამხდარიყო.
"მოპოვებული მტიცებულებების საფუძველზე 15 ნოემბერს დაკავებულები იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 333 მუხლით, ეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას შეეხება", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ასევე დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელსაც ბრალი 143 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 157 მუხლის მეორე ნაწილით და 333 მუხლის პირველი ნაწილით ედება. 157 მუხლი კი საუბრების უკანონო მოსმენას შეეხება.
კბილაშვილის განცხადებით, ასევე დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი, სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის პირველი ნაწილით და 333 მუხლის პირველი ნაწილით; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაალ მაისურაძე სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის მესამე ნაწილის "ა"ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მეორე ნაწილით და 133-ე მუხლის პირველი ნაწილით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსი 158-ე მუხლით.