ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას სახელით Youtube-ზე ატვირთული აუდიოჩანაწერები სინამდვილეში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მიერ ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული მასალები იყო. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
"კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დავალებით, ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება და კომპიუტერის ადგილმდებარეობის სივრცეში (ოთახში) აუდიო და ვიდეო თვალთვალის განხორციელება", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისი თქმით, პროგრამის მეშვეობით, კუდ-ის ხელმძღვანელობა ახორციელებდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას.
"მსგავსი უკანონო შეღწევას სხვადასხვა დროს მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში საქართველოს საზღვრებს გარეთ, ნინო ბურჯანაძის კომპიუტერში და ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა და დასძინა, - "ამ გზით კუდ-ის თანამშრომლებს უკანონოდ მოპოვებული მრავალი საუბრის ჩანაწერი დაუგროვდათ".
მისივე განმარტებით, 2012 წლის 26 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ -ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა, მოეძია სხვადასხვა სახის ფარული მასალები კოალიცია "ქართული ოცნებიდან", რომელთა გამოქვეყნებაც გამოიწვევდა ხალხის უნდობლობას კოალიციის ლიდერების მიმართ.
"ბექა კვარაცხელიამ შეარჩია ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული რამდენიმე პოლიტიკური პირის საუბრები, დააკოპირა ისინი შესაბამის დისკებზე და 2012 წლის 26 სექტემბერს, საღამოს საათებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა შოთა ხიზანიშვილს, რის შემდეგად ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში. მეორე დილით შოთა ხიზანიშვილმა დაურეკა ბექა კვარაცხელიას და უთხრა, რომ მან ამოარჩია საჭირო საუბრები, რომელიც ბექა კვარაცხელიას უნდა განეთავსებინა Youtube-ს ვიდეო-პორტალზე ისეთი სახით, თითქოს ის გავრცელებული იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას მიერ", - განაცხადა მთავრმა პროკურორმა.
კბილაშვილის თქმით, კუდ-ის თანამშრომლებმა მომხმარებლად დაარეგისტრირეს ბესარიონ სურმავა, რომლის შემდეგაც მოხდა შოთა ხიზანიშვილის მიერ წინასწარ შერჩეული მასალების ატვირთვა. ასეთი ჩანაწერების ატვირთვა განხორციელდა შემდეგ დღეებშიც.
კბილაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბესარიონ სურმავას გამოყენებას წინ უსწრებდა კუდ-ის თანამშრომელთა კიდევ ერთი დანაშაულებრივი ქმედება.
"კუდ-ის თანამშრომელთა მიერ უკანონოდ იქნა მოპოვებული ბესიკ სურმავას პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერი, რაც გამოიყენეს ამ უკანასკნელის მიერ შანტაჟის იარაღად და მასზე ზემოქმედების მოსახდენად. იმის შიშით რომ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომიტირებელი ვიდეომასალა არ გამოქვეყნებულიყო, ბესიკ სურმავა დათანხმდა კუდის თანამშორმლების მიერ უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო საუბრები თავისად გაესაღებინა. 27 სექტემბერს, გამთენიისას, ბესარიონ სურმავა კუდ-ის თანამშრომლების მიერ გადაყვანილ იქნა მოდულის შენობაში, მისი წახალისების მიზნით შოთა ხიზანიშვილმა დაავალა კუდ-ის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილს, რომ მისთვის შს სახელით 100 ათასი დოლარი შეეთავაზებინა, თუმცა საბოლოოდ, ბესიკ სურმავასთან საუბრის შემდეგ, მას გასამრჯელოს სახით 150 ათასი ევრო გადაუხადეს. ეს ფული ბესიკ სურმავას გადაეცა მოდულის შენობაში და საამისოდ გამოყენებული იქნა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ფულადი თანხა", - განაცხადა კბილაშვილმა.
პროკურორმა აღნიშნა, რომ სურმავას გადაეცა გამზადებული ტექსტი, რომლის შინაარსიც მან ვიდეოკამერის წინ გამოთქვა, შემდეგ სურმავა გადაიყვანეს აჭარაში, სადაც მას რამდენიმე დღე აღუკვეთეს თავისუფლება.