პარიზში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთმა და საფრანგეთმა მოაღწიეს შეთანხმებას ვერტმფრენზიდ "მისტრალის" რუსეთისთვის მიყიდვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ "Associated Press"-ი შეიარაღების საკითხებში გენერალური სამმართველოს საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელ ჟაკ დე ლიაუჯიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მსვლელობისას ასევე შეეხნენ საკითხს ადგილის შესახებ, თუ სად უნდა აიგოს ვერტმფრენმზიდი. ასევე ისაუბრეს პერსპექტივებზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტისათვის კიდევ სამი გემის აგების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში რუსეთის ფლოტის სარდალმა ვლადიმერ ვისოცკიმ განაცხადა, რომ რუსეთსაც შეუძლია თავად ააშენოს "მისტრალის" ტიპის გემი, თუმცა ამისთვის აუცილებელია შესაბამისი მომზადების გავლა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებლისას ხაზგასმითაა აღნიშნული ის, რომ "არ მიდის საუბარი გემის უბრალოდ ყიდვაზე", ასევე იგეგმება უცხოური ტექნოლოგიების მოზიდვა ამგვარი გემების რუსეთში ასაშენებლად.
"მისტრალის" კლასის სადესანტო ვერტმფრენმზიდის სიგრძე 210 მეტრია, სიგანე _ 30 მეტრი, მაქსიმალური სიჩქარე _ 19 კვანძი, მისი ეკიპაჟი 160 ადამიანისგან შედგება. მასზე 450 დესანტი, 16 მძიმე ვერტმფრენი, 4 სადესანტო კატერი, ბაქანზე 40 ტანკი ან 70 ავტომობილი, 16 საბრძოლო მანქანა ეტევა. მისტრალის ღირებულება დაახლოებით 400-500 მილიონი ევროა.
"იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს და ფრანგულ ავიამზიდს "მისტრალს" იყიდის, მას იქ გამოიყენებს სადაც საჭიროდ მიიჩნევს", _ აცხადებდა გასული წლის 29 ნოემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, შეძენის შემთხვევაში, გამოიყენებს თუ არა რუსეთი "მისტრალს" საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებდა: "გარწმუნებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რამეს შევიძენთ, მას იქ გამოვიყენებთ, სადაც საჭიროდ მივიჩნევთ".
შეგახსენებთ, რომ რუსეთი, ამას გარდა, ცდილობს, მიიღოს ლიცენზია ოთხი ახალი გემის ასაშენებლად, რაც აღნიშნული გერიგების ღირებულებას კიდევ 1-1,2 მილიონი ევროთი გაზრდის.
ვისოცკი აღნიშნავს, რომ ამ გემს იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც რუსული გემი 26 საათის განმალობაში შეასრულებს, მხოლოდ 40 წუთი დასჭირდება.