დღეს, 16 ნოემბერს, ქართველი მსახიობის, გიორგი შავგულიძის დაბადებიდან 102 წელი გავიდა. შავგულიძე 1910 წლის 16 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა. შავგულიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით.
საშუალო განათლება ქუთაისშივე, ყაუღჩიშვილების სკოლაში მიიღო. 1928 წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაის-ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორ წელიწადში მარჯანიშვილის თეატრი თბილისში გადავიდა (შემდგომ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). 1934 წელს დაქორწინდა მსახიობ ლიზიკო ვაჩნაძეზე.
გადაღებულია ფილმებში: "დიადი განთიადი", "გიორგი სააკაძე", "დავით გურამიშვილი", "ქეთო და კოტე", "ბედნიერი შეხვედრა", "ჭრიჭინა", "ცისკარა" და სხვა.
შავგულიძე 1959 წლის 13 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა. დაკრძალულია დიდუბეში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.