დღეს, 16 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ხელოვნების აკადემიის კლასიკური მუსიკის მე-3 ეროვნულ კონკურსთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ხელოვნების აკადემიის რექტორი ვალერიან შიუკაშვილი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე.
ხელოვნების აკადემიის მიერ დაფუძნებული კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსი მესამედ ჩატარდება. წელს კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება და 9-იდან 16 დეკემბრამდე გასტანს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, რომლებიც სწავლობენ მუსიკალურ სკოლაში მე-2-იდან მე-12 კლასის ჩათვლით საფორტეპიანო, სიმებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტების სპეციალობებით. კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის თავმჯდომარე იქნება ხელოვნების აკადემიის რექტორი, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.
კონკურსი გაიხსნება 9 დეკემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში. საკონცერტო პროგრამას წარადგენს კლასიკური მუსიკის მე-2 ეროვნული კონკურსის გრანპრის მფლობელი პიანისტი ნათია ნატროშვილი. საკონკურსო მოსმენის დღეები დაზუსტდება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის მიხედვით.
16 დეკემბერს გაიმართება კონკურსის დახურვა, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები და მოხდება მათი დაჯილდოება. ამავე დღეს ჩატარდება გამარჯვებულთა გალაკონცერტი და 5 ლაურეატი გაემგზავრება ბულგარეთში - ვარნა-ალბენას საერთაშორისო კონკურსის ფესტივალზე, ასევე 5 მონაწილე მიიღებს ხელოვნების აკადემიის მიერ დაწესებულ სტიპენდიას, რომელიც დაფარავს მათი ერთი წლის სწავლის საფასურს.
ამავე წელს ხელოვნების აკადემიას დაგეგმილი აქვს ჩაატაროს 6 კონკურსი შემდეგი მიმართულებებით:
9-17 მარტი - ქართული ცეკვის ეროვნული კონკურსი,
14-28 აპრილი - გიორგი ცაბაძის სახ. ქართული სიმღერის კონკურსი,
9-12 მაისი - ლიტერატურული, სამხატვრო და ფოტო კონკურსი,
19-23 ივნისი - თანამედროვე ქართული კლასიკური მუსიკის კონკურსი.
ხელოვნების აკადემია გეგმავს ლექცია-შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ქართველი გამოჩენილი ხელოვანები შეხვდებიან და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდებს.