დაკავებულია ცხრა ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ჩინოსნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დღეს გამთენიისას განხორციელებული დაკავებების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, მათ ბრალი ედება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.
"დაკავებულია ცხრა ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ჩინოსნები, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური დაკავებები.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში კუდ-ისა და სოდ-ის მაღაჩინოსნები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. დღეს დილით 6 საათზე დაკითხვის დასრულების შემდეგ რამდენიმე მათგანი დააკავეს. ცნობილია ორი მათგანის ვინაობა - კუდ-ის უფროსი ლევან ქარდავა და თბილისის კუდ-ის უფროსი გიორგი ყავლაშვილი.
როგორც ყავლაშვილის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ აღნიშნა, ყავლაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ასევე 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება "ქართუ ჯგუფის" კუთვნილი ტვირთის დაზიანებას ტერმინალზე.
ლევან ქარდავას ადვოკატის, კახა შონიას განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 333-ე მუხლით - უფლებამოსილების გადამეტება. ამ შემთხვევაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესიკ სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე.