"ახალაიას სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შესატანად საფუძველი არ ჰქონდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ შსს ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
"ბაჩო ახალაიაზე დიდი პატრიოტი ვარ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოში ვიჩივლე ყოფილი მთავრობის წინააღმდეგ და ვაიძულე, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი აგონ. სტრასბურგის სასამართლოში წინასწარი პატიმრობის გასაჩივრებას აზრი არ აქვს. საქმის არსებითად განხილვის შემდეგ იდავოს, თუ ამის საფუძველი ექნება. ახალაიას სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შესატანად საფუძველი არ ჰქონდა და, ალბათ, ამიტომ არ გაასაჩივრა", - განაცხადა მუხაშავრიამ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაია არ აპრებს საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატების განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, გასაჩივრდეს სტრასბურგში, თუმცა ამ ეტაპზე ახალაია ამაზე უარს ამბობს.