ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელს, გრიგორი კარასინს შეხვდნენ.
ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და პადრიგ მერფი (ეუთო) კარასინმა მოსკოვში მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შეხვედრისას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან შექმნილი ვითარება განიხილეს. ასევე ისაუბრეს ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის მოსამზადებელ საკითხებზე. შეხვედრაზე აღინიშნა გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობის აღდგენის აუცილებლობა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, 22-ე რაუნდი მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს გაიმართება.