თავდაცვისა და შსს ყოფილმა მინისტრმა ბაჩანა ახალაიას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ჟურნალისტებთან ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განაცხადა ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალაიას წინასწარი პატიმრობის შესხებ არ ეთანხმებიან და განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ყურაშვილის განცხადებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათში გახდება ცნობილი.
,,გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა ბაჩანა ახალაიას მიმართ დაპატიმრების ნაწილში. მოთხოვნაში დაფიქსირებული გვაქვს ის, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნას არასაპატიმრო აღკვეთი სახის ღონისძიება", - განაცხადა ყურაშვილომა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაჩანა ახალაიას საქმეში არ ფიგურირებს მტკიცებულებები, რომელიც მის დაპატიმრებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ბაჩანა ახალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონიძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებული არ იქნა ბაჩო ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა, 31 პარლამენტარის თავდებობასთან დაკავშირებით;წინასასამართლო პროცესი 25 დეკემბრის 15 საათისთვის არის ჩანიშნული.თავდაცვისა და შსს ყოფილ მინისტრს რვა ნოემბერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის გათავალისწინებით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ხოლო შემდეგ 9 ნოემბერს ახალაიას ბრალი დაუმძიმდა საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა დანაშაულის დაფარვის მიზნით) და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით).