საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მის დაკავებას "წმინდა წყლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად" აფასებს. ჟურნალ "ლიბერალისთვის" საკანში მიცემულ ინტერვიუში ახალაიამ განაცხადა, რომ მისი დაკავების უკან არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში მიესალმება, რომლითაც, კალანდაძე და შამათავა გირაოთი გაათავისუფლეს. "მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რაც ჩემთან მიმართებაში გააკეთეს. რა აუცილებელი იყო პატიმრობის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც მე არსად გაქცევას არ ვაპირებდი?", - აღნიშნა ახალაიამ.
"ძალიან გაბედული მოსამართლე უნდა იყოს, რომ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღოს. ცოტა პარადოქსულ რამეს გეტყვით - როცა ვბრუნდებოდი, მეგონა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მექნებოდა. თუნდაც აი ასე, ჟურნალისტებთან. ჩემზე ხომ ბევრი რამ ვრცელდებოდა, ის ბრალდებები, რითაც დამაკავეს, გაგიგიათ?! გსმენიათ?! ყველა დანარჩენ ბრალდებაზე მე კონკრეტული პასუხი მაქვს, ვინმემ შეიძლება ზოგი რამ გადაცდომად ჩათვალოს, მაგრამ, კრიმინალი არსად იყო. ჩემი დაკავება რომ პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი, ადვილი მისახვედრია. ავიღოთ ბოლო ერთი წელი, რამდენ კონტექსტში მახსენეს უარყოფითად! ალასანიამ უშიშროების საბჭოს გადასცა სიები, თითქოს უკანონო ბანდფორმირებების. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ბრალდება იყო. სად არის ახლა ის სიები? იქ კონკრეტული გვარები იყო ჩამოთვლილი. გეხსომებათ ბრალდება, რომ ბინებში გატანილი გვაქვს იარაღი და სისხლისღვრას ვაპირებდით. სად არის ის ბინები? სად არის სისხლისღვრა? სად არის მტკიცებულებები?!", - განაცხადა ახალაიამ.
ამასთან, ახალაია მისი ქვეყნიდან გასვლის მიზეზსაც განმარტავს. "ის ერთთვიანი პერიოდი ყველა ვარიანტში უნდა გავსულიყავი იმ მიზეზის გამო, რომ დამატებითი პროვოკაციები არ მომხდარიყო. ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს რაღაც იარაღი გვქონდა სადღაც გადამალული და ბანდფორმირებები გვქონდა შექმნილი. და რადგან ამ ყველაფრის უკან მე მოვიაზრებოდი, მარტივად გადავწყვიტე და ქვეყნიდან გავედი. ამის შემდეგ ეს საუბრები შეწყდა და თემები შეიცვალა, თითქოს ფული გავიტანე და ბრაზილიაში წავედი. რას არ უთითებდნენ ჩემზე, მაგრამ როდესაც დავრწმუნდი, რომ საფრთხედ ვეღარ წარმომაჩენდნენ, ავდექი და დავბრუნდი. ყველა კონკრეტულ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო, კონკრეტული, არგუმენტირებული პასუხები მქონდა, მინდოდა ხალხისთვის ინფორმაცია შეძლებისდაგვარად მიმეწოდებინა. ღიად და საჯაროდ ჩამოვედი და ჩემი ამოცანის შესახებ განვაცხადე. პოლიტიკური მიზანი არ მქონია, ეს გადაწყვეტილება ჩემს შინაგან წუხილს ეყრდნობოდა. მსურდა საზოგადოებასთან დეტალებზე მესაუბრა", - განაცხადა ახალაიამ.
მისივე თქმით, მან ის ერთთვიანი პერიოდი არა ბრაზილიაში გაატარა, როგორც ინფორმაცია ვრცელდებოდა, არამედ სტამბულში. "მთელი პრობლემა იმაშია, რომ იმდენი ტყუილია, ზოგ რამეს კინაღამ მეც ვიჯერებ. რაღაც-რაღაცებს ჭკვიანურად ალაგებენ. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა... მოწმეზე აგებული ჩვენებებით ამხელა ბრალის წყენება ძალიან რთულია. პირდაპირ გეტყვით, ორშაბათს აღძრულ საქმეზე, რომელიც მხოლოდ მოწმეებს ეყრდნობა, ორშაბათსვე ადამიანის დაკავება შეიძლება?! არ ვიცი, ვის რისი შეეშინდა, მაგრამ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის ზურგსუკან არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა ახალაიამ.