ყაზახეთი მზადაა, თავისი ნავთობი და ხორბალი ევროპაში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გადაზიდოს, თუ ტრანსპორტირების საფასური კონკურენტუნარიანი იქნება, - ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის დიპლომატიური მისიის საქმეში დროებით რწმუნებულმა ადილ ტურსუნოვმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი განმარტებით, ყაზახეთსა და ევროპას შორის საგარეო ვაჭრობამ ყოველწლიურად უკვე 500 მლრდ დოლარს გადააჭარბა და ვაჭრობა ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით იზრდება. წინასწარი გათვლებით, ყაზახეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2020 წლისთვის წლიური ვაჭრობა უკვე 800 მლრდ დოლარს გადააჭარბებს.
"ივარაუდება, რომ ამ ტვირთების ნაწილი აქტაუ-ბაქო-თბილისის (საქართველოს პორტების) საშუალებით გადაიზიდოს. სწორედ ამიტომ კომპანია „ყაზტრანსოილი" ბათუმის პორტის მფლობელი უკვე გახდა"- განმარტავს ტურსუნოვი.
მისივე განმარტებით, ვაჭრობას ბათუმის პორტის მეშვეობით შეუძლია შეასრულოს ისტორიული როლი ყაზახეთსა და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობებში, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის.
"ტრანზიტულ მარშუტს ჩინეთიდან ევროპაზე, ყაზახეთისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აქვს მკაფიო უპირატესობები: ის გაცილებით მოკლე მარშუტია ვიდრე ტვირთების გადაზიდვა სუეცის არხის საშუალებით. საქართველოსა და ყაზახეთს, რაღათქმა უნდა აზერბაიჯანული მხარის ჩართულობით უამრავი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება შეგვიძლია", - განმარტა ყაზახმა დიპლომატმა.