ბაჩანა ახალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონიძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებული არ იქნა ბაჩო ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა, 31 პარლამენტარის თავდებობასთან დაკავშირებით;
წინასასამართლო პროცესი 25 დეკემბრის 15 საათისთვის არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და შსს ყოფილ მინისტრს რვა ნოემბერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის გათავალისწინებით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. თუმცა როგორც გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალაიას ბრალი დაუმძიმდა საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა დანაშაულის დაფარვის მიზნით) და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით).