საქართველოს მთავრობის მიერ გაუქმებული სოციალური შეღავათების თემაზე კომენტარის გაკეთებისას, დღეს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მერიამ საბიუჯეტო თანხების სხვა პროგრამებზე გადანაწილება მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს განახორციელა, არ შეესაბამება სიმართლეს.
2012 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები იქნა ინიცირებული, რომლითაც სოციალური შეღავათების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო. ამის შემდეგ, 2012 წლის 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ საკრებულოს თბილისის 2012 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელზეც საკრებულომ იმსჯელა და საბოლოო გადაწყვეტილება 20 ოქტომბერს, მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც 19 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალური შეღავათების დაფინანსებისთვის თანხები უკვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, 12 ოქტომბერს საკრებულოსთვის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის წარდგენა, კანონთან სრულ შესაბამისობაში განხორციელდა. აღნიშნული მოქმედება არ არღვევს არცერთ სამართლებრივ ნორმას. შესაბამისად, საკითხი ცენტრალური მთავრობის მხრიდან, პოლიტიკური სპეკულაციის საგანს წარმოადგენს და მისი პროკურატურაში შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.