ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული არჩილ ჩოხელის ოჯახი ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასა და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს. პროკურატურაში შესაბამისი განცხადება არჩილ ჩოხელის დამ შეიტანა.
ხათუნა ჩოხელის არ გამორიცხავს, რომ ლაფანყურის საქმეს პოლიტიკური სარჩული ედოს.
" ეჭვი მაქვს, რომ ეს ხელისუფლების მიერ დადგმული და კარგად ორგანიზებული დანაშაული იყო, რომელსაც საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული. არჩილ ჩოხელი, როგორც სპორტსმენი, დამსახურებულად იღებდა ივანიშვილისგან ყოველთვიურად დახმარებას. როგორც ჩანს, ყოფილი ხელისუფლების წევრები ფიქრობდნენ, რომ არჩილს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა", - აცხადებს ხათუნა ჩოხელი.
ხათუნა ჩოხელმა ჟურნალისტებთან საუბარში იმ მაღალჩინოსნების ვინაობაც დაასახელა, რომლის დასჯასაც ოჯახი მოითხოვს. ესენი არიან: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, რომ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად ორი სპეცრაზმელი არჩილ ჩოხელი, სოლომონ წიკლაური და სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ.