არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანებამ" 2006 წელს დაკავებული, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩევლის, სიმონ კილაძის საქმის გადახედვისა და ვანო მერაბიშვილისა და გიორგი არველაძის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მთავარ პროკურატურაში განცხადება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად სიმონ კილაძემაც შეიტანა.
როგორც ჟურნალისტებს „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ განუცხადა, 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკვეთით, აბსურდული ბრალდებით, რომელიც ჯაშუშობასა და სახელმწიფოს ღალატს გულისხმობდა, დააკავეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე. ბრალდების თანახმად, კილაძე სპეცსამსახურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აწვდიდა.
„გუშინ ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ დღეს ადამიანებს „კაგებეშნიკური" მეთოდებით იჭერენ. ეტყობა მერაბიშვლს დაავიწყდა, თუ როგორ დაიჭირეს სიმონ კილაძე. ეს პიროვნება აბსურდული ბრალდებით დააკავეს და ეს არის ყველაზე კურიოზული საქმე, რადგან დღესაც გაურკვეველია, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ `ჯაშუშობდა~ ეს ადამიანი. დაპატიმრება მოხდა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მაშინ ახალი მომხდარი იყო გირგვლიანის მკვლელობა და ამ თემის გადაფარვა სურდათ. ვითხოვთ სიმონ კილაძის რეაბილიტაციას. ასევე გიორგი არველაძის, ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას", _ აღნიშნა მჟავანაძემ და დასძინა, სიმონ კილაძემ პატიმრობაში ერთი წელი გაატარა, 5 წელი კი პირობითი მიუსაჯეს.
სიმონ კილაძის თქმით, მასზე შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მითითებით კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ჟღენტი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და პირდაპირ ემუქრებოდა მას, რომ თუ იგი არ აღიარებდა დანაშაულს, მის შვილებს ფიზიკური განადგურების საფრთხე შეექმნებოდათ.
„ამიტომ იძულებული გავხდი ზეწოლისა და ოჯახის განადგურების თავიდან ასაცილებლად, დანაშაული მეღიარებინა, რის შემდეგაც მე ერთწლიანი პატიმრობა და 5 წელი პირობითი მსჯავრი მომისაჯეს", _ აღნიშნა კილაძემ.