დღეს, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, შეხვედრების ოთახი) მაგთიკომის სტიპენდიანტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 სტუდენტი მაგთიკომის სტიპენდიანტი გახდა.
პროექტი "მაგთიკომის სტიპენდია", რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 საუკეთესო სტუდენტის გამოვლენასა და დაჯილდოებას ისახავს მიზნად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. მაგთიკომმა ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის საუკეთესო სტუდენტებისთვის ყოველთვიური 300-ლარიანი სტიპენდია დააწესა. საუკეთესო სტუდენტების შერჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და რექტორატის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა.
"პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაგთიკომი ხელს უწყობს საუკეთესო სტუდენტების წახალისებას, თუმცა ამას ასეთი მასშტაბური სახე დღემდე არ ჰქონია. პროექტი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ტრადიციადაც დამკვიდრდება", - აცხადებს მაგთიკომის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო სურგულაძე.
მაგთიკომი სტუდენტთა წახალისების გარდა, საუკეთესო კურსდამთავრებულებსაც აძლევს შანსს, ვაკანტურ პოზიციებზე შერჩეულ კანდიდატთა სიაში მოხვდნენ და მაგთიკომის თანამშრომლები გახდნენ. კომპანია წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საუკეთესო კურსდამთავრებულებიდან არჩევს შესაფერის კანდიდატებს. გასულ კვირას ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ 15 კურსდამთავრებული სპეციალური შერჩევისა და ტესტირების საფუძველზე მაგთიკომის ცხელი ხაზის თანამშრომელი გახდა.