თორღვას აბანოს უღელტეხილზე თოვლი მოვიდა, რის გამოც თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტა. თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღემატება. ბოლო წლების განმავლობაში წელს პირველად თუშეთში მუდმივად მცხოვრები ოჯახების რაოდენობა 24-დან 30-მდე გაიზარდა.
„თოვლის მოსვლამდე თუშეთიდან ყველა წამოვიდა, იქ დარჩა მხოლოდ მუდმივად მცხოვრები 30 ოჯახი და სასაზღვრო პოლიციის 20 თანამშრომელი. ახლა თუშეთში გადასვლა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი, რომელიც თვეში ერთხელ სოფელ ლეჩურიდან დაფრინავს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ომალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტელმან იჭირაულმა.
მისივე თქმით, თუშეთში მხოლოდ 24 ოჯახი რჩებოდა ხოლმე, წელს დაემატა ერთი ოჯახი სოფელ დართლოში და 5 სოფელ ომალოში. მოსახლეობას მომარაგებული აქვს შეშა, საკვები, მედიკამენტები, მთაში დარჩენილებს ერთი ექთანი ემსახურებათ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის კახა მამულაშვილის თქმით, ომალოში ერთი ოჯახი რუსეთის ფედერაციიდან დასახლდა. „მოსახლეობას ყველანაირი პირობები აქვს თუშეთში გამოსაზამთრებლად. რამდენიმე ადგილზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია ჩატარდა. ჩეხეთის განვითარების პროექტით კი, მზის ბატარეები თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს, შენაქოში უკვე მიკროჰესიც არის", - აღნიშნა კახა მამულაშვილმა.
მისივე თქმით, წელს თუშეთს 7 000-მდე ვიზიტორი ჰყავდა, რაც გასულ წელთან შედარებით 3 ათასამდე ვიზიტორით ნაკლებია.