საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურების საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ გამოვლენილ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საიუველირო ნაკეთობების კონტრაბანდის გზით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადმოტანის ფაქტი.
მოქალაქე შირზად გალანდაროვი ცდილობდა საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საზღვარზე გადმოეტანა 4 კილო და 200 გრამის ოდენობის ოქროს საიუველირო ნაკეთობები. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნულის საერთო ღირებულება შეადგენს 230 ათას ლარს.
აღნიშნული პირი დაიკითხა მოწმის სტატუსით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მე - 2 ნაწილით, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 დან 7 წლამდე. საქმეს იძიებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.