სოსო რობაქიძე შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე გამოძიების თავიდან დაწყებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით დღეს ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ და ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
ოჯახი ითხოვს დაისაჯონ ზურაბ ადეიშვილი, გურამ დონაძე, ქალაქის მაშინდელი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი ირაკლი წერეთელი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა და ასევე თბილისის პოლიციის უფროსი ზურაბ მიქაძე.
როგორც ბუტა რობაქიძის მამამ განაცხადა, ყველანი იყვნენ ადეიშვილის წნეხის ქვეშ და ეს მას პირადად უთხრა გამომძიებელმა ირაკლი წერეთელმა.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს დიდუბის პანთეონთან მოკლეს. როგორც ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა განაცხადა, ამ საქმეზე გამოტანილი იქნა განაჩენი, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან. ადვოკატის განცხადებით, მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება და აქედან გამომდინარე, ისინი გამოძიების თავიდან დაწყებას მოითხოვენ.