გერმანელი ექიმები, რომლებიც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან, ულია ტიმოშენკოს მკურნალობის მიზნით, მის უცხოეთში ან შინაპატიმრობაში გადაყვანის რეკომენდაციას იძლევიან. ამის შესახებ ინფორმაციას ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშჩინას" საიტი ავრცელებს.
დოკუმენტი ბერლინის ერთ-ერთი კლინიკის ექიმების მიერ არის ხელმოწერილი. ექიმები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ექსპრემიერის მკურნალობა უკრაინელ კოლეგებთან ერთად განახორციელონ. განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა მკურნალობა დასრულებული არ არის, ხოლო იმ კოლონიაში, სადაც დაკავებული იმყოფება, შეუძლებელია საბოლოო გამოჯანმრთელების პროცესის სათანადოდ წარმართვა.
გერმანელი ექიმების განცხადება 30 ოქტომბრით თარიღდება, თუმცა ის მხოლოდ ტიმოშენკოს მიერ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ გამოაქვეყნეს. ტიმოშენკო უკვე ნახევარი წელია ხარკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2011 წელს, მისი დაპატიმრების შემდეგ გაუარესდა. ტიმოშენკომ უარი განაცხადა უკრაინელი ექიმების მომსახურებაზე, რადგან, მისი თქმით, თანამემამულე მედიკოსებს არ ენდობოდა, რის შემდეგაც მას გერმანელი ექიმები დაუნიშნეს, რომლებიც სპეციალურად ტიმოშენკოს სამკურნალოდ მიემგზავრებიან ხარკოვში. გერმანელმა ექიმებმა ერთხელ უკვე შესთავაზეს უკრაინის ხელისუფლებას იულია ტიმოშენკოს გერმანიაში გადაყვანა, თუმცა ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ქვეყნის კანონმდებლობა დაკავებულის უცხოეთში მკურნალობას არ ითვალისწინებს.