სასამართლოებში, შესაძლოა, ფოტო და ვიდეოგადაღება დაუშვან. კანონპროექტის მიხედვით, რომლის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტრომ გამართა ,სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო/ვიდეო ჩაწერა.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფოტოვიდეო გადაღების უფლება ასევე შეუზღუდავად შეეძლება საზოგადოებრივ მაუწყებელს.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდველად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიო ჩაწერა და ტრანსლაცია გარდა იმ შემთხვევისა, რაზედაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ, ან სრულად დახურვის თაობაზე", - განმარტავს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის მათი მოთხოვნისთანავე.
კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს თანხმობით სასამართლოს სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიოჩაწერის უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
"ეს უფლება შესაძლოა, შეიზღუდოს სასამართლოს მოტივირებული განაჩენით", - ნათქვამია "საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში" შესაქტანი ცვლილებების კანონპროექტში.