სერგო თეთრაძის მეუღლემ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა და პროკურატურა გადაწყვეტს აღიძრას თუ არა ახალი სისხლის სამართლის საქმე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ.
"ეს არის საჩივრის სახით შემოტანილი. ჩვენ არ ვჩქარობთ. ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს. მოხდება შეაბამისი პირების დაკითხვა, რომ საჩივარში მოტანილი არგუმენტები გადამოწმდეს. მანამ, სანამ გადაწყვეტს პროკურატურა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე უნდა იქნას თუ არა აღძრული. ჩვენ არ ვჩქარობთ. ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც მიგვაჩვია წინა ხელისუფლებამ. ეს არის მტკიცებულებებზე დამყარებული სისხლის სამართლის პროცესი. როგორც კი ჩვენ გვექნება სხვა პირების მიმართაც, რომლებიც დანაშაულებს სავარაუდიდ ჩადიოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში, მტკიცებულებები რომელიც საკმარისია დაკავებისთვის, არ არის გამორიცხული, სხვა პირთა დაკავებაც მოხდეს", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი 2011 წლის 17 სექტემბერს სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოგვიანებით სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს. ერთი კვირის შემდეგ, ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. მაგრამ დრო გადის და ოფიცრის მეუღლეს ექსპერტიზისგან პასუხი დღემდე არ მიუღია.
სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე 2007 წლიდან აღარ მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში. აფხაზეთის ომის მონაწილე, 57 წლის გადამდგარი ოფიცერი ოთხი წლის წინ შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ასაკის გამო, დაითხოვეს. მას შემდეგ თეთრაძე, ოჯახთან ერთად, მცირე პენსიით ირჩენდა თავს და მეუღლესთან, მარინა თეთრაძესთან ერთად 15 წლის შვილს ზრდიდა.