საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იქმნება სამთავრობო კომისია, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. კომისიას ეწოდება - ‘შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია. ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებაში. მინისტრის ინფორმაციით, კომისია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის დღესდღეობით არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე იქნება ორიენტირებული.
„მინდა გავაკეთო განცხადება პრემიერ-მინისტრის დავალებით. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის დედაქალაქშიც, ადგილი აქვს გაფიცვებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ფოთის პორტში, სადაც ნავსადგურის ფუნქციონირება ამ დრომდე პარალიზებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იქმნება სამთავრობო კომისია, რომელსაც თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. გადაწყდა, რომ კომისიას ეწოდოს ‘შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია.'' მისი შექმნის მიზანი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის დღესდღეობით არსებული პრობლემების გადაწყვეტისა და მხარეთა მორიგების ხელშეწყობა იქნება. მინდა, გაფიცულებს გადავცე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადამიანური თანადგომა და მისი სურვილი, პირადად გაერკვეს პორტის თანამშრომელთა პრობლემებში"- ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ფოთის პორტის ხელმძღვანელობას მიმართავს და სიტუაციის გამოსასწორებლას სთხოვს.
„გაფიცვის ყოველი დღე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტვირთების შემოსვლა შეფერხებულია. ამიტომ გაფიცულებს ვთხოვ, შეწყვიტონ გაფიცვა და დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.
საქართველოს მთავრობის სახელით პირობას ვაძლევთ მათ, რომ კომისია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველაფერს იღონებს, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის საკითხი უმოკლეს ვადებში გამოსწორდეს. აღნიშნული საკითხი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება", - განმარტავს მინისტრი.