ახალი შტორმის მოლოდინში, ნიუ-იორკში ევაკუაცია დაიწყო. როგორც CBS News იუწყება, ლონგ-აილენდიდან, რომელიც ქარიშხალ "სენდის" გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა, მაცხოვრებლების სასწარფო ევაკუაცია განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ შტორმი, "სენდისთან" შედარებით გაცილებით ნაკლები სიძლიერის იქნება, ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სტიქიას სათანადოდ მომზადებულნი უნდა დახვდნენ.
ახალი შტორმი, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, ხუთშაბათს დილით დაატყდება თავს, ადგილობრივი დროით და შედარებით ნაკლები ინტენსივობით დღის ბოლომდე გაგრძელდება. პროგნოზების მიხედვით, ნიუ-იორკში მას წვიმა და დაახლოებით ხუთ სანტიმეტრამდე თოვლი მოჰყვება, ხოლო ქარის სიჩქარე ასობით კოლომეტრს მიაღწევს საათში.
ქალაქის მერმა, შტორმთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს, დღის მეორე ნახევრიდან, ნიუ-იორკში დაიხურება ყველა პარკი, საბავშვო მოედანი და პლაჟები. მოსახლეობის აუცილებელი ევაკუაციის შესახებ ბრძანება, ჯერჯერობით, არ ყოფილა.
როგორც ცნობილია, ტროპიკული ქარიშხალი "სენდი" ამერიკის შეერთებულ შტატებს ოქტომბრის მიწურულს დაატყდა თავს და ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, ნიუ-იორკი დააზარალა. ქალაქში დაიწყო წყალდიდობა, მუშაობა შეწყვიტა ტრანსპორტმა, მოხდა ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა.
საერთო ჯამში, ქარიშხლის შედეგად, შტატებში 113 ადამიანი დაიღუპა, მათგან დაახლოებით 40 ნიუ-იორკში. ქარიშხლით მიყენებული ზარალი ათეულობით მილიარდ დოლარად იქნა შეფასებული.