მომავალი წლის გაზაფხულზე, რუსეთი, შესაძლოა, ხორბლის თუ სხვა მარცვლეული კულტურების მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს და მისი შემოტანა სხვა ქვეყნებიდან მოუწიოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ირკვევა, რომ მსხვილი მეწარმეების ნაწილმა ამის შესახებ უკვე გააფრთხილა ფედერაციის ხელისუფლება და მას სათანადო მონაცემებიც მიაწოდა.
ექსპერტების მონაცემები მართლაც მეტყველებს, რომ მარცვლეულის მარაგი რუსეთში, შესაძლოა, შემდეგ მოსავლამდე არ ეყოთ. ამიტომ დეფიციტიც 2013 წლის გაზაფხულის მიწურულისთვისაა მოსალოდნელი. მძიმე სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად კი, მეწარმეები იმპორტის სასწრაფო დაწყებას მიიჩნევენ. ერთ-ერთ ქვეყნად, საიდანაც რუსეთმა, შესაძლოა, ხორბლის იმპორტი განახორციელოს,გერმანიაა, რომელიც წელს მოსავლიანობას არ უჩივის.
რუსი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ სასწრაფოდ არ გამოსწორდება მდგომარეობა, მარცვლეულის დეფიციტმა, რომელიც პურის ფასების ზრდას გამოიწვევს, დიდი ალბათობით, სხვა მთელი რიგი ეკონომიკური ხასიათის პრობლემებიც შეიძლება წარმოქმნას. ქვეყნის ხელისუფლება მეწარმეების შეშფოთებას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ საფრთხე არც ისე ახლოა, რადგან მოსავლის აღება რუსეთში ახლახანს დამთავრდა და ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგია.
მასალის გამოყენების პირობები