თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხე პავლე ამირანაშვილის მიმართ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისი საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მოსარჩელე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების მოწმობის ძალადაკარგულად ცნობას მოითხოვდა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003 წლის 7 ნოემბრის ბრძანებით ვაკე-საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის N27-ში მდებარე ტირის შენობის პრივატიზების ფორმად განისაზღვრა კომერციული კონკურსი. 2004 წლის 11 თებრვალს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ფიზიკურ პირ პავლე ამირანაშვილს შორის გაფორმდა უძრავი ქონების, ტირის შენობის (განვადებით) ნასყიდობის ხელშეკრულება. 2004 წლის 30 სექტემბერს გაცემული იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტისა და 2003 წლის 7 ნოენბრის ბრძანების შესაბამისად, საკონკურსო პირობად განსაზღვრული იყო სარემონტო სამუშაოების ჩატარება და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც პავლე ამირანაშვილის მიერ არ შესრულებულა.
მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ 2004 წელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულა, მათ შორის ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და კეთილმოაწყო ტერიტორია.
სასამართლომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და მხარეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა პავლე ამირანაშვილის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. ძირითად მტკიცებულებას 2011 წელს შედგენილი დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები წარმოადგენდა, რითაც სასამართლოს შეფასებით ვერ დადგინდებოდა შვიდი წლით ადრე სარემონტო სამუშაოების არ ჩატარების ფაქტი.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მასალის გამოყენების პირობები